ახალი ამბები

იმოქმედეთ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვით — ეუთოს თავმჯდომარე

23 თებერვალი, 2021 • 488
იმოქმედეთ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვით — ეუთოს თავმჯდომარე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავების გამო საქართველოში შექმნილ ვითარებას და შეშფოთებას გამოთქვამს.

ლინდე მხარეებს დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს.

“შეშფოთებული ვარ თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. როგორც ეუთოს თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ განმუხტონ ვითარება, განაახლონ დიალოგი და იმოქმედონ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების  დაცვით”, — წერს ლინდე.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე, საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი