ახალი ამბები

პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა გახსნა — აქტივისტი

22 თებერვალი, 2021 • 716
პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა გახსნა — აქტივისტი

პოლიციამ რიონის ხეობის სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა გახსნა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მიაწოდა. გზის გახსნას წინ უძღოდა ადგილობრივების, მათ შორის, მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი, რომლებიც მოძრაობის გახსნას მოითხოვდნენ.

მანამდე შსს-ს თანამშრომლები აქტივისტებს ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი სარემონტო სამუშაოების გამო იყო ჩაკეტილი. თუმცა ამავე მონაკვეთზე რამდენიმე მანქანა გაატარეს. ამის შემდეგ ადგილზე სხვა მოქალაქეებმაც მოიყარეს თავი, რასაც მოჰყვა პოლიციის მანქანებისა და თანამშრომლების რაოდენობის მომატება.

როგორც ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში ისმის, პოლიციის წარმომადგენელმა ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას განუმარტა, რომ ისინი გზის გაგრძელებას შეძლებდნენ მას შემდეგ, რაც გზა გაიწმინდებოდა.

“ჩვეულებრივად დადიოდა სხვა მანქანები, აბსოლუტურად ჩვეულებრივად. მაგიტომ გადავკეტეთ მერე გზა, რომ სხვებს უშვებდნენ და ჩვენ — არა”, — თქვა ვარლამ გოლეთიანმა “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნამახვანის ჰესის მშენებარე კომპანია “ენკამ” განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, კომპანია სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს და უსაფრთხოხების ზომების დაცვის მიზნით, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე დროით საავტომობილო მოძრაობა უნდა შეჩერებულიყო.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ მშენებლობაში მონაწილე მანქანებისთვის იყო დაშვებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი