ახალი ამბები

შსს ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აქტივისტებს და მოსახლეობის ნაწილს არ უშვებს

22 თებერვალი, 2021 • 557
შსს ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აქტივისტებს და მოსახლეობის ნაწილს არ უშვებს

ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და მოსახლეობის ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ უშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკ გვერდის — “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” — საშუალებით ავრცელებენ.

როგორც გვერდის პირდაპირ ეთერებში ჩანს, თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი იყო მობილიზებული და ადგილობრივ აქტივისტებს ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, როგორც პირდაპირ ეთერში ჩანს, შსს-ს თანამშრომლები აქტივისტებს ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი ჩაკეტილი იყო სარემონტო სამუშაოების გამო. თუმცა ამ მონაკვეთზე გაატარეს რამდენიმე მანქანა.

მოგვიანებით შსს-ს თანამშრომლებმა ადგილობრივ აქტივისტ ვარლამ გოლეთიანს და მამამისს გზის გაგრძელების უფლება მისცეს, მაგრამ გზა კვლავ გადაკეტილი დარჩა დანარჩენებისთვის. ამის შემდეგ ადგილზე სხვა მოქალაქეებმაც მოიყარეს თავი, რასაც ასევე მოჰყვა პოლიციის მანქანების და თანამშრომლების მატება.

როგორც ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში ისმის, პოლიციის წარმომადგენლმა ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას განუმარტა, რომ ისინი გზის გაგრძელებას შეძლებენ მას შემდეგ, რაც გზა გაიწმინდება.

ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების ნაწილს შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლები არ ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუკ გვერდის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საშუალებით გაავრცელა.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გასარკვევად ვარლამ გოლეთიანთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ამ დროისთვის უშედეგოდ.

ასევე, იმის გასარკვევად, თუ რატომ არ უშვებდნენ ადგილობრივ აქტივისტებს ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწოდებენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნამახვანის ჰესის მშენებარე კომპანია “ენკამ” განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, კომპანია სადერივაციო გვირაბის მშებელობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოების უსაფრთოხების ზომები ითვალისწინებს სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე დროით საავტომობილო მოძრაობის შეჩერებას.

ასევე, კომოპანიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ კომპანიის მშენებლობაში მონაწილე მანქანებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი