ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორი 19 თებერვლის აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის სავარაუდო გადამეტებას გამოიძიებს

20 თებერვალი, 2021 • 678
სახელმწიფო ინსპექტორი 19 თებერვლის აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის სავარაუდო გადამეტებას გამოიძიებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 19 თებერვალს პარლამენტთან გამართული აქციის მიმდინარეობისას პოლიციის ქმედებებს გამოიძიებს. საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტს. განცხადების თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებაში შესული შეტყობინებების საფუძველზე მიიღეს.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთ-ერთი, ვინც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართ, მოძრაობის “საქართველოსთვის” აქტივისტი გიორგი მუმლაძეა. მისი თქმით, დაკავებისას მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი მსუბუქად დაუზიანდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა: როგორც ამბობს, ბოლო თვეებში აქციებზე რამდენჯერმე დააკავეს და წინა შემთხვევებში უფრო სერიოზული დაზიანებები ჰქონდა.

“დაკავების მომენტში, როცა ჩავჯექი [პოლიციის მანქანაში], მერე ჩამარტყეს. წინააღმდეგობას ვუწევდი და ვყვიროდი, რატომ მაკავებთ მეთქი. ეს იყო უკანონო დაკავება. ვიყენებდი თავდაცვის უფლებას. და ამ წინააღმდეგობის მერე, რაღაც შურისძიების მომენტივით იყო. ჩამარტყეს, რადგან გავწიე წინააღმდეგობა”, — ეუბნება მუმლაძე “ნეტგაზეთს”.

აქტივისტი გამოძიების დაწყებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავარია შედეგი და არა პროცედურა. მისი განცხადებით, პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ მისივე საჩივრის საფუძველზე გამოძიება გასულ წელსაც დაიწყეს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ უნახავს.

პარლამენტთან მოძრაობის “საქართველოსთვის” მიერ ორგანიზებული აქცია 19 თებერვალს გაიმართა. შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, ტროტუარზე, კარვების გაშლას  კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და 20 ადამიანი დააკავა. ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი