ახალი ამბები

საქართველო დგას საფრთხის წინაშე, გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო, — იალოვიცი

19 თებერვალი, 2021 • 656
საქართველო დგას საფრთხის წინაშე, გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო, — იალოვიცი

“იმისთვის, რომ საქართველო ჩიხიდან გამოვიდეს, ერთი მხრივ, ნიკა მელიას საკითხი უნდა გადაიჭრას, მეორე მხრივ კი  — “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თავიანთი ადგილები დაიკავონ პარლამენტში” – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი. ის ფიქრობს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის რისკი არსებობს.

“რეალურად საქართველო საფრთხის წინაშე დგას, რომ გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო. ისეთი, როგორიც მექსიკა იყო მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, განსაკუთრებით ახლა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციაა, რომელიც ბევრად უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე, ვიდრე წინა ადმინისტრაცია”, — უთხრა ყოფილმა დიპლომატმა “ამერიკის ხმას”.

იალოვიცის თქმით, “საქართველოს სჭირდება კარგი მმართველობა, კარგი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნება პატრიოტი, ადამიანი რომელიც იქნება გამაერთიანებელი მესიჯების მქონე”.

“[იმისთვის, რომ ქვეყანა მიმდინარე ჩიხიდან გამოვიდეს], ორი რამ უნდა მოხდეს. ერთი ისაა, რომ მელიასთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაიჭრას. უნდა შეტრიალდეს ეს ნაბიჯები. არ მაქვს სურვილი გავაკრიტიკო ქართული მართლმსაჯულების სისტემა, მაგრამ გარე დამკვირვებლისთვის ეს პოლიტიკურ მანევრად აღიქმება.  მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. მე ვერ ვხედავ სხვა გზას, რომ პოლიტიკური ვითარება გაუმჯობესდეს და გახდეს ფუნქციური“, — აღნიშნავს ის.

კენეტ იალოვიცს, ერთი მხრივ, არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად წავიდა, მეორე მხრივ კი, ფიქრობს, რომ “მიშა სააკაშვილის უწყვეტი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე ძალიან სამწუხაროა. ეს არაა კონსტრუქციული და არ არის გამოსადეგი”.

“მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა? არა. ის ქართულ ოცნებას აფინანსებს. ის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია და მას უდიდესი გავლენა აქვს. ეს სახიფათოა. ამაზე წლების წინ სხვა ადამიანებთან ერთად ვწერდი, რომ მისი გავლენა, როგორც დემოკრატიულ სისტემაში არარჩეული პირისა, არის სახიფათო.

პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარე პრობლემა უნდა გადაიჭრას. ჩვენ ყველას გვეშინია ძალადობის. არავის გვსურს ვნახოთ ისეთი ვითარება საქართველოში, როგორც ეს 20-30 წლის წინ იყო, როცა სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ.

ახლა დროა, ცივი გონების ადამიანებმა გაიმარჯვონ და როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, ასევე ქართულმა ოცნებამაც გააცნობიერონ, რომ საქართველოს მომავალი გზაჯვარედინზეა”, – თქვა მან.

ყოფილი ელჩის თქმით, არ სურს, ნეგატიური განცხადება გააკეთოს ახალ პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მაგრამ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომელიც საქართველოში მთავრობის მეთაურებთან დაკავშირებით იკვეთება:

“…პრემიერის თანამდებობაზე ადამიანები ხშირად იცვლებიან. ისინი დაინიშნებიან, შემდეგ ბატონ ივანიშვილთან უთანხმოება მოსდით და მათ ცვლიან. ეს ბატონი [ირაკლი ღარიბაშვილი] წარსულშიც იყო პრემიერ-მინისტრი. შემდეგ ის ძალიან კარგი ტექნოკრატით [გიორგი კვირიკაშვილი] შეცვალეს, რომელიც ასევე გაუშვეს თანამდებობიდან”.

“ამერიკის ხმის” ცნობით, ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ღირებულებებს უფრო დიდი ადგილი ექნება და საქართველოს მთავრობამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, მას მიაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამერიკისა და ევროკავშირის უმაღლეს ეშელონებში უნდა შეაფასონ:

“ვისურვებდი, რომ შედგეს რაღაც სახის ერთობლივი ინიციატივა შეერთებული შტატების და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვფიქრობ, რაღაცა ასეთ დონეზე უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ორივე პარტიის ყურადღება მიიქციოს. ვფიქრობ, ეს ჩიხში ყოფნა უნდა შეწყდეს.

ვიცი, რომ ამერიკაში ახალ ადმინისტრაციას უამრავი საკითხი აქვს გადასაჭრელი საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ საქართველო წარმოადგენს რაღაც ისეთს, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით წლების მანძილზე.

ასეთი მიდგომა ამ დონეზე იმის დემონსტრირება იქნება, თუ რამდენად სერიოზულად უყურებდნენ მოვლენებს საქართველოში დასავლელი პარტნიორები და აფრთხილებენ მას, რომ კონფრონტაციის ამ გზაზე სიარულის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტი ჩამოყალიბდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი