ახალი ამბები

ჩემი გამოცდილება კოვიდზე  ორი აცრის შემდეგ – ნანა საჯაია 

19 თებერვალი, 2021 • 4152
ჩემი გამოცდილება კოვიდზე  ორი აცრის შემდეგ – ნანა საჯაია 

გუშინ მოდერნას ვაქცინის მეორე დოზა გავიკეთე და ასე შევუერთდი მსოფლიოს მოსახელებოს ორ პროცენტს, ვინც კორონავირუსის ვაქცინით აცრა მოახერხა. 


ავტორი: ნანა საჯაია, FOX NEWS-ის პოლიტიკის პროდიუსერი. ვაშინგტონი, აშშ.


მოდერნა, კოვიდი

ვაშინგტონში, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და პროფესიის გათვალისწინებით, აცრა დაახლოებით ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე მომიწევდა. 37 წლის, ზოგადად, ჯანმრთელი ჟურნალისტის მსგავსად, წლის ბოლომდე ელოდება აცრას ამერიკის მილიონობით მოქალაქე. 326- მილიონიან ქვეყანაში, აცრის ორივე დოზა მხოლოდ 5-ს, ერთი დოზა კი 12 პროცენტს აქვს გაკეთებული. მოდერნას ვაქცინა, როგორც ანდროს დედას, ისე მერგო.

ანდრო 9 წლისაა და განსაკუთრებული საჭიროების გამო სახელმწიფო დაზღვევამ მას მომვლელი, ჩვენებურად ძიძა გამოუყო. სააგენტო, რომელიც მისი დაზღვევის პროგრამას მართავს, მუშაობს ექთნების და მომვლელების ჯგუფთან, ამზადებს მათ და შემდეგ ანაწილებს. ამ პროგრამით ანდროს რამდენიმე მომვლელი ჰყავდა, მის ლუსი- პუერტო-რიკოდან, მის ტიგიცი- ეთიოპიიდან, მის რაბია – პაკისტანიდან.  

შარშან მარტში, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ჩავიკეტეთ, სააგენტომ შემომთავაზა,  კარანტინის დროს ანდროს მომვლელად მე დავრეგისტრირებულიყავი. ასე გავიარე პირველადი დახმარების ტრენინგები, რომლებსაც ძიძები გადიან. თითქმის ერთი წელია მე მთლაინად სახლიდან ვმუშაობ, ანდრო კი მეოთხე კლასის პროგრამას დისტანციურად ეუფლება.

ამერიკაში აცრების დაწყებიდან მალევე, მას შემდეგ, რაც ექიმები და მედპერსონალი აიცრა, დაზღვევამ აცრა მეც შემომთავაზა – როგორც ანდროზე მზრუნველს (caregiver). აცრების “ხუთოსანი” ისედაც ვაპირებდი აცრას, როცა რიგი მომიწევდა. მაგრამ კონსულტაცია ექიმთან გავიარე, “დღესვე გაიკეთე”,- მითხრა ექიმმა და მეც იმ დღესვე ჩავეწერე აცრაზე. რეგისტრაცია ონლაინ გავიარე, იქვე ვუპასუხე მოკლე კითხვარს, აცრაზე ჩაწერილებისგან დაავადებათაა კონტროლის ცენტრს აინტერესებდა, გვქონდა თუ არა გადატანილი კორონავირუსი, გვქონია თუ არა ახლო კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში გამიკეთებია თუ არა რამე აცრა, ორსული ან მეძუძური ხომ არ ვიყავი, კოვიდის სიმპტომები ხომ არ მაწუხებდა და ვიყავი თუ არა ალერგიული.

აცრაზე მისულმა, ექთანს ვკითხე, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა, რომელ მხარზე გავიკეთებდი ნემსს –  რომელზეც ღამე ნაკლებად გძინავსო, მიპასუხა ექთანმა და მეც ასე მივუშვირე მარცხენა მკლავი. ექთანმა ამიხსნა, რომ აცრის შემდეგ მოსალოდნელი იყო მკლავის, სახსრების, თავის ტკივილი და ტემპერატურის მატება. მსგავს შემთხვევაში ტკივილის გამაყუჩებლის და სიცხის დამწევის დალევა მირჩია. 

აცრის ოთახიდან გამოსულები ცალკე, მოსაცდელ ოთახში შეგვიყვანეს. ერთმანეთისგან ორი მეტრით დაშორებულ სკამებზე ერთგვერდიანი ფლაერები დაგვხვდა, ფურცლის ორ მხარეს ინგლისურად და ესპანურად ეწერა,  როგორ უნდა გადმოგვეწერა ტელეფონში დაავადებათა ცენტრის აპლიკაცია. მოსაცდელში 15 წუთი დაგვიტოვეს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ აცრაზე რეაქცია არ გვქონდა, გამოგვიშვეს. პირველი კვირა ახლად დარეგისტრირებული საიტიდან  ყოველ დღე მომდიოდა მოკლე კითხვარი. როგორც აცრამდე, აცრის შემდეგაც აინტერესებდა დაავადებათა ცენტრს, მქონდა თუ არა უკუმაჩვენებელი აცრის შემდეგ და როგორ ვგრძნობდი თავს. 

კითხვარი ადვილი იყო. ტელეფონშივე, აპლიკაციით ვპასუხობდი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი, სიცხე არ მქონდა, არც თავი მტკიოდა და კოვიდის არც სხვა სიმპტომი მაწუხებდა. პირველი კვირის შემდეგ ეს ყოველდღიური კითხვარი ყოველკვირეულ კითხვარად იქცა და ასე იყო მეორე ვაქცინამდე. მოდერნას მეორე დოზა კეთდება პირველი დოზიდან 28 დღეში. ისევ ვკითხე ექთანს, რომელ მკლავზე გაგვეკეთებინა ნემსი. რადგან წინაზე მარცხენაზე, ახლა- მარჯვენაზეო. ისევ ამიხსნა შესაძლო რეაქციაზე, ისევ მირჩია გამაყუჩებლის და სიცხის დამწევის მიღება და ისევ დამტოვეს მოსაცდელ ოთახში 15 წუთით.

ორივე ჯერზე ჩემმა აცრამ რეაქციების გარეშე ჩაიარა, ერთადერთი რაც ვიგრძენი, მკლავის მსუბუქი ტკივილი. პირველი აცრის მერე მკლავი დაახლოებით 24 საათში ამტკივდა. ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტის ისტორიულ ინაუგურაციას ვაშუქებდი ჩემს საძინებელში მოწყობილი სამუშაო კუთხიდან და მკლავის ტკივილი იმ დღეს სხვა ემოციებმა გადაძალა. 

მეორე აცრის შემდეგ კი მკლავი იმავე დღეს ამტკივდა, აცრიდან დაახლოებით  8 საათში, ღამეც ბევრჯერ გამაღვიძა ტკივილმა. მაგრამ ეს არ იყო გაუსაძლისი ტკივილი, უფრო დისკომფორტი და მკლავზე გაზრდილი მგრძნობელობა, ამავე ღამეს ოდნავ ამტკივდა თავი და ვიგრძენი დაღლილობა. თუმცა არც თავის ტკივილი ყოფილა ძლიერი, მანაც გამაყუჩებლის გარეშე გაიარა. მეორე დოზის გაკეთებიდან უკვე 36 საათი გავიდა, მკლავის ტკივილმა იკლო, დაღლილობის შეგრძნებაც შემცირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსმა ამერიკაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  ბევრ შტატში აცრის რიგს ჯერ ისევ ელოდებიან ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, ვეტერანები… კიდევ ერთხელ ვხვდები, როგორი პრივილეგირებული ვარ და როგორ გაგვიმართლა მეც და ანდროსაც, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ამერიკაში ვცხოვრობთ

დაბრუნება სკოლაში

ახლა მეც და ანდროც სკოლაში დასაბრუნებლად ვემზადებით. 11 მარტს ანდრო ერთწლიანი სრულად დისტანციური სწავლებიდან ჰიბრიდულ სწავლებაზე გადადის. სკოლაში კვირაში ორჯერ წავა, კიდევ 2 დღე დისტანციური გაკვეთილები ექნება, 1 დღე კი, ასინქრონული – დამოუკიდებელი სავარჯიშოების დღე.

ანდრო საჯარო სკოლის მოსწავლეა. სკოლაში დაბრუნებისთვის არლინგტონის საჯარო სკოლების განყოფილება, რომლის წლიური ბიუჯეტიც წელს 670 მილიონ დოლარს შეადგენს, თითქმის პანდემიის დაწყებიდანვე ემზადებოდა. საბოლოო არჩევანი დისტანციურ და ჰიბრიდულ სწავლებას შორის მშობლებს მას შემდეგ გვქონდა, რაც ოლქმა ყველა მასწავლებელი და სკოლის დამხმარე პერსონალი ორჯერ აცრა. ჩვენ ჰიბრიდული სწავლება ვარჩიეთ.

სკოლა ახალი წესებით იხსნება – სკოლის ავტობუსი ერთდროულად, 72 ბავშვის ნაცვლად, მხოლოდ 11 მოსწავლეს წაიყვანს სკოლაში, ავტობუსში ასვლამდე ბავშვებს სიცხეს გაუზომავენ, პირდაბის ტარება სავალდებულოა დილით ავტობუსში ასვლიდან, ნაშუადღევს ავტობუსიდან ჩამოსვლამდე, სკოლაში ყველგან- კლასში, დერეფანში და ეზოშიც.

წელს გაზაფხული სხვაგვარი იქნება. კიდევ დიდხანს ვერ ჩამოვართმევთ ხელს ამერიკულად, ვერც ბავშვები ჩაურტყამენ ერთმანეთს High 5-ს, ბავშვებისგან შორს, შუშის მიღმა იქნებიან მასწავლებლები, ბავშვები ერთმანეთს წიგნებს არ გაუზიარებენ, ლანჩს ცალ-ცალკე შეჭამენ, არც ფიზკულტურის გაკვეთილები ექნებათ და არც შესვენებაზე ითამაშებენ სასრიალოებზე. მაგრამ დაბრუნდებიან სკოლაში, რომელსაც პანდემიის პირველ ხანებში საღამოობით აკითხავდნენ და ცარიელ კედლებს ფერად სასიყვარულო სტიკერებს აკრავდნენ. ისევ გავიგებთ ჩვენს ოთახებში  “მიკროფონი გამორთულია”, “ხმა წყდება”, “ცუდი ინტერნეტიას” … მაგრამ ამასთან ერთად იქნება იმედი, ცხოვრების “ნორმალურ კალაპოტში” დაბრუნების იმედი და ის, რაც შარშან დამშვიდობების თითქმის ერთადერთ ფორმად იქცა – თავს გაუფრხილდი (take care).  

მასალების გადაბეჭდვის წესი