ახალი ამბები

ვითარებიდან გამოსავალი შესაძლოა, იყოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგი — EPP

19 თებერვალი, 2021 • 814
ვითარებიდან გამოსავალი შესაძლოა, იყოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგი  — EPP

“ევროპის სახალხო პარტია” (EPP) ტვიტერზე ეხმაურება ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი.

“საქართველო შეიძლება ყოფილიყო რეგიონის წამყვანი სახელმწიფო, მაგრამ ის უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტალიზებულ სასამართლო სისტემას. ვითარებიდან გამოსავალი შესაძლოა იყოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის მოძებნისა, აირჩია პოლიტიკური კრიზისისი გაღრმავება”, – აცხადებს EPP, რომელიც ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს.


რა ხდება

რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი