ახალი ამბები

“ღარიბაშვილს დაემართება არანორმალური პოლიტიკური ერექცია… დაჭერის მცდელობა ექნებათ” — მელია

18 თებერვალი, 2021 • 840
“ღარიბაშვილს დაემართება არანორმალური პოლიტიკური ერექცია… დაჭერის მცდელობა ექნებათ” — მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილს ექნება მისი დაჭერის მცდელობა. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას კითხვის პასუხად ისაუბრა.

“[დაჭერის] მცდელობა, რა თქმა უნდა, ექნებათ. ღარიბაშვილს დაემართება არანორმალური პოლიტიკური ერექცია. არაფერზე არ ფიქრობს ახლა გარდა იმისა, რომ მნახოს ოთხ კედელში. მას სწორება აქვს ვიწრო ჯგუფზე და ბიძინა ივანიშვილის გასახარებლად, რა თქმა უნდა, ეცდება ყველაფერს, რომ მე, მაგალითად, არ მქონდეს გადაცემებში ჩართვის შესაძლებლობა. ეს მისია შეუსრულებელია”, — აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კონცენტრირება არა მის დაჭერაზე, არამედ სამომავლო მოლაპარაკებებზე.

“ახლა მთავარია არა ის, რამდენად უნდა ვიფიქრო, შემოვა ირაკლი ღარიბაშვილის სპეცდანიშნულების რაზმი და რეპრესიული მანქანა ამუშავდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ელჩების პოზიცია და დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც აუცილებლად ერთ-ერთი ვიქნები მე”, — მიიჩნევს ნიკა მელია.

მელიას შეფასებით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენა ნიშნავს, რომ “უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორებისგან.”


რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი