ახალი ამბები

აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს დაძაბულობის დეესკალაციაზე — აშშ-ის საელჩო

18 თებერვალი, 2021 • 542
აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს დაძაბულობის დეესკალაციაზე — აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ყველა მხარეს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

“შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც 18 თებერვლის საღამოს გავრცელდა.


რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი