ახალი ამბები

ორგზის პრემიერი | ირაკლი ღარიბაშვილის პორტფოლიო

19 თებერვალი, 2021 • 2209
ორგზის პრემიერი | ირაკლი ღარიბაშვილის პორტფოლიო

ირაკლი ღარიბაშვილი, “ქართული ოცნების” მთავრობის ორგზის (შს და თავდაცვის) მინისტრი, 38 წლის ასაკში პრემიერ-მინისტრის პოსტზეც მეორედ ბრუნდება. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ მომავალი პრემიერის კარიერის ძირითად მოვლენებს.


ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი წევრია. ისევე, როგორც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის არაერთი წევრი, მთავრობაში “ქართუ ჯგუფის” გავლით მოხვდა. 2004-05 წლებში ღარიბაშვილი იყო „ბურჯის” (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი, შემდეგ — ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. პოლიტიკაში მოსვლამდე, სხვადასხვა დროს, ასევე, იკავებდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გენერალური დირექტორის, “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და შპს „ქართული ოცნების” დირექტორის პოსტებს.

“ირაკლი გავიცანი, — სავაჭრო დეპარტამენტში იყო, მე მგონი, — როდესაც პირველი “ვერტალიოტი” ვიყიდე ფრანგული. ფრანგები ისეთ დღეში ჩააგდო, ვინ არის ეს კაცი, გვაჩვენეთო, და იქნებ ჩამოვიდეს საფრანგეთშიო, ჯერ ასეთი ფრანგული საიდან იცის და მერე ასეთი ვაჭრობა როგორ ისწავლაო”, — ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, წარადგენდა რა ღარიბაშვილს როგორც კარგ მენეჯერს და ეკონომიკაში გამოცდილების მქონე პირს. ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილი მისი “საყვარელი ბიჭია”.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის 20 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ივანიშვილმა მის შემცვლელად სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა. დანიშვნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, 2015 წლის დეკემბერში, ღარიბაშვილმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.

“თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო”, — თქვა მან გადადგომისას წარმოთქმულ იმ იშვიათ გამონაკლის სიტყვაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობა არ გადაუხდია.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც მაშინ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნევდნენ, თქვა, რომ წელიწადი ან ექვსი თვე არ გავიდოდა, პრემიერი ღარიბაშვილი მუდმივად ეკითხებოდა — “ხომ არ არის, ბატონო ბიძინა, ჩემი წასვლის დროც?!”

თანამდებობიდან პირველად წასვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.

2019 წელს პოლიტიკაშიც დაბრუნდა — ჯერ მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივნისა და პოლიტსაბჭოს წევრად, იმავე წლის სექტემბერში კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია შეცვალა.

კარტოგრაფების და ჟვანიას საქმეები

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნებას უკავშირდება წინასაარჩევნოდ აღძრული ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რომელსაც თავად ღარიბაშვილი “სახელმწიფო ღალატის საქმეს” უწოდებს.

გამოძიებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. კომისიის წევრებს — ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას —  ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. მათ ედავებიან, რომ არ გამოიყენეს 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილი საქართველოს საზღვრის ხაზი და 3500-მდე ჰა ფართობამდე “ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნეს”.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დავითგარეჯასთან დაკავშირებით რუკების მოძიების და სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესწავლის პროცესი 2014 წელს დაიწყო, როდესაც მან დავითგარეჯას მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი გაიცნო და საკითხის დამუშავება უსაფრთხოების საბჭოს დაავალა. მაშინ საკითხს მსვლელობა არ მიეცა, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნებისა და არქიმანდრიტ კირიონის ნახვის შემდეგ ღარიბაშვილმა, როგორც თვითონ ამბობს, “საქმის კურსში ჩააყენა ბიძინა ივანიშვილი და მისი ჩართულობით საკითხი ბოლომდე იქნა მიყვანილი“. ირაკლი ღარიბაშვილმა “კარტოგრაფების საქმეზე” გამოძიებას ჩვენებაც მისცა.

ჰაკიმ ფაშა, სუს-ის საიდუმლო წერილი, FBI და ჟვანიას საქმის პირველი სასამართლოს სხვა დეტალები

კიდევ ერთი გახმაურებული სისხლის სასამართლის საქმე, რომლის გაცოცხლებას ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირებენ და რის შემდეგაც ოპოზიცია საჯარო გამოსვლებისას ჰაკიმ ფაშად მოიხსენიებდა, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემთხვევაა. საქმე ის არის, რომ 2014 წლის 19 მარტს youtube-ზე ანონიმური მომხმარებლის hakim fasha-ს მიერ აიტვირთა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოების ვიდეოკალაჟი სახელწოდებით „saakashvili killed zurab zhvania“. ფოტოებზე გარდაცვლილებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

პრემიერი ღარიბაშვილი მომდევნო დილითვე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა აღნიშნულ ვიდეოს და თქვა, რომ კადრების ნახვა მისთვის “შემზარავი და შოკისმომგვრელი” იყო. ვიდეოების გავრცელებიდან ორ დღეში პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა. საბოლოოდ ჩაჩუა სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

“ნათესაური კლანი”

ღარიბაშვილის გარემოცვის კუთხით არსებობდა კითხვები ნეპოტიზმთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, მისი თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ, მათ შორის, ზვიად ჯანყარაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი გახდა.

2013 წლის მარტში ირაკლი ღარიბაშვილი შს მინსიტრის რანგში საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა იმ ადამიანების სია წაიკითხა, ვინც ღარიბაშვილის სიმამრის ნათესავები არიან და სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდნენ. ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის“.

“რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა-თქო, რომ საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორით”, — ამბობდა ივანიშვილი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.

ივანიშვილის განცხადების შემდეგ ღარიბაშვილს ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ “ქართული ოცნების” მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

“თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობდა და ამ ეტაპზე ეს პრობლემები მოგვარებულია. ივანიშვილისგან კრიტიკა იმიტომ მიიღო, რომ არსებობდა ეს პრობლემა და ის გადაიჭრა”, — თქვა კობახიძემ.

2019 წლის 5 მარტს, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ,  ღარიბაშვილმა განაცხადა: “შეიძლება […] ზოგიერთმა ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა. ზოგი ცდილობს ხოლმე, რამენაირად იხეიროს. ეს არ არის უცხო თემა. ამაზე ბიძინას უსაუბრია. რამდენიმე ნათესავთან აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან“.

კონფრონტაციული ტონი

„ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს”, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ამ თემაზე: „ნაციონალების გაუქმება“ – ღარიბაშვილის გეგმა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ

იგი არ იზიარებს აზრს, რომ ერთპარტიული მმართველობა ანდიტემოკრატიული და დამღუპველია.

ირაკლი ღარიბაშვილი მუდმივად გამოირჩევა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რადიკალური პოზიციებით. ოპოზიცია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ყველაზე კონფრონტაციული და აგრესიული ფიგურის წამოწევით “ქართულმა ოცნებამ” ბოლომდე განხეთქილების და პოლარიზაციის გზა აირჩია.

ასოცირების შეთანხმება და გეგმები 2024 წლისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა — ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება — სწორედ ღარიბაშვილთან ასოცირდება და ისვე იქნება პრემიერი, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მოაწერს ხელს.

ასოცირების შეთანხმების ინიციატივა “ქართულმა ოცნებამ” მემკვიდრეობით მიიღო — ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, მოლაპარაკებები 2010-2013 წლებში მიმდინარეობდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ტექსტის უდიდესი ნაწილი შეთანხმებული იყო.

ის, თუ ვინ მოაწერდა ხელს საქართველოს მხრიდან 2014 წლის 27 ივნისს ასოცირების შეთანხმებას, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის კონფრონტაციის საგანი გახდა. საბოლოოდ ირაკლი ღარიბაშვილმა არათუ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მისი ხელმოწერა დაიტანეს ტორტზე, რომლითაც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იზეიმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი