ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის

18 მარტი, 2013 • 3165
ღარიბაშვილი: მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის

ნადირაშვილმა დღეს იმ ადამიანების სია წაიკითხა, ვინც არიან ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავები და სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდნენ.

ამ სიაზე ღარიბაშვილის ერთ-ერთ რეპლიკას – “მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის”, უმცირესობის წევრების მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა.

ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა უმცირესობის წევრების მხრიდან მანამდე გაცხადებულ ინფორმაციას მისი ცოლის დასაქმების თაობაზე: “ჩემი ცოლი არის დასაქმებული, ორ შვილს მიზრდის” – განაცხადა შს მინისტრმა.

შს მინისტრის განცხადებით, კითხვა ნათესავების თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე არასერიოზულია:

“კითხვა არის ძალიან არასერიოზული. მე მინდა შეგახსენოთ არჩევნების პერიოდი, როდესაც თამაზაშვილი გააგდეთ სამსახურიდან და მერე აბსოლუტურად უკანონოდ გყავდათ დაჭერილი. ამის შემდეგ იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე.”

ამის საპასუხოდ დეპუტატი ჩაეკითხა, ნათესავების დანიშვნა იყო თუ არა ერთგვარი კომპენსაცია, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ არა:

“მე არავინ დამინიშნავს ნათესაობის გამო. შევარჩიე იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი მენეჯერი და ძალიან კარგად ასრულებს საქმეს,” – განაცხადა მან ზვიად ჯანყარაშვილის გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშვნაზე.

უმცირესობის განცხადებით, ეს ინტერესთა კონფლიქტია, თუმცა მინისტრი მათ არც ამ საკითხში დაეთანხმა.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები, განსაკუთრებით მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ახლობლები, სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ. თამაზ თამაზაშვილის ცოლის ძმამ, დამ, სიძემ, დისშვილმა, შვილის მეგობრებმა სამსახურების უფროსების პოსტები გადაინაწილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი