ახალი ამბები

ღარიბაშვილი ნეპოტიზმზე: რამდენიმე ნათესავი ჩემთან სახლში აღარ მოდის

5 მარტი, 2019 • 1399
ღარიბაშვილი ნეპოტიზმზე: რამდენიმე ნათესავი ჩემთან სახლში აღარ მოდის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი ნათესავების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ რამდენიმე ნათესავთან ურთიერთობა აღარ აქვს და მასთან სახლში აღარ მიდიან.

ეს განცხადება მან ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა, როცა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ჰკითხა ივანიშვილის კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ღარიბაშვილის გარემოცვის შესახებ ჰქონდა მაშინ, როცა ამ უკანასკნელმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.

“საფუძველი იყო ამ კითხვების ნათესავებთან დაკავშირებით. ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენ ჩვენი ნათესავები, ამ ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. შეიძლება ზოგიერთმა ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა, ზოგი ცდილობს ხოლმე, რამენაირად იხეიროს. ეს არ არის უცხო თემა. ამაზე ბიძინას უსაუბრია. რამდენიმე ნათესავთან აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან დასძინა, რომ ამ თემის შესახებ მეტს აღარ ისაუბრებს, რადგან “პირადულია”:

“ეს ინფორმაცია გაგიზიარეთ, ეს ჩემი პირადულია, რაც იყო მაშინ, მე გავასწორე და გავწიე ის ადამიანები, რომლებიც გასაწევი იყვნენ”.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს ამათან დაკავშირებით კითხვები მის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა.


5 მარტი 2019: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა –  ის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი გახდა.

23 დეკემბერი, 2015: ირაკლი ღარიბაშვილი  მოულოდნელად გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.  ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი