ახალი ამბები

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა

18 თებერვალი, 2021 • 1844
გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების  საკითხზე გუნდთან აზრთა სხვადასხვაობის გამო:

“ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღარულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თავად ქვეყნის განვითარების, უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად დღეს ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და, რაც მთავარია, პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის როსკები.

მაშინ, როცა არ იარსებებს არანაირი რისკი მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილიბისა არცერთი ჩვენი მოქალაქის და არ შექმნის ქვეყანაში ესკალაციის საბაბს. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხზე, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. რადგან დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის პოლარიზაცია და დაპირისპირებაა ყველაზე დიდი რისკი” ,-  თქვა გიორგი გახარიამ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფება ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში და პოლიციისთვის ჩაბარებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი