ახალი ამბები

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 16 პირი დაზარალებულად არ ცნო – საია

28 ოქტომბერი, 2019 • 1469
სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 16 პირი დაზარალებულად არ ცნო – საია

თბილისის საქალასო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.  მოქალაქეების დაზარალებულად ცნობას სასამართლოში საია ითხოვდა, რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. 

ორგანიზაციამ დაზარალებულების სახელით სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი დაუსაბუთებლად უთხრა.

“საია სასამართლოში ითხოვდა პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას.

ამ დროისათვის სასამართლოში იმ 16 პირის საქმე განიხლებოდა (მათ შორის 8 ჟურნალისტი), რომელთა სისხლის სამართლის საქმეში საია თავიდანვე ჩაერთო. ყველა მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს, სამართალდამცავთა მხრიდან, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიადგა. ნაწილ მათგანს დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს – პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი საფუძვლით თქვა:

“დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობის მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“.

საია ამბობს, რომ სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან და აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა. მათივე თქმით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უგულებელყოფს საქმეში არსებულ ცალსახა გარემოებას, რომ დაზარალებულ პირებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება. მათ შორის რამდენიმე დაზარალებულს დაკარგული აქვს ცალი თვალი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა დანაშაული.

“მიუხედავად ამისა, მიღებული განჩინებით სასამართლო სადავოდ ხდის თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტს“, – ამბობს ორგანიზაცია. საია მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა უკანონოდ აჭიანურებს 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას.

“კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად“, – ამბობს საია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება, თუმცა, საიას თქმით, ორგანიზაცია გააგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების საქმეებზე მუშაობას (გარდა 16 დაზარალებულისა, საია დამატებით სხვა პირების ინტერესების დაცვაშიც ჩაერთო). მათ შორის, საია არ გამორიცხავს, რომ მიმართავს საერთაშორისო მექანიზმებს დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი