ახალი ამბები

“ჩიგოგიძემ დამირეკა გუშინ, მე თითს არ მივაჭერო” — მელია “ოცნების” დეპუტატზე

16 თებერვალი, 2021 • 952
“ჩიგოგიძემ დამირეკა გუშინ, მე თითს არ მივაჭერო” — მელია “ოცნების” დეპუტატზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებადმდე ერთი დღით ადრე “ქართული ოცნების” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა.

მელიას თქმით, ჩიგოგიძემ უთხრა, რომ მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერდა. ამის შესახებ მელიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ქართული ოცნების” ერთი დეპუტატი გუშინ მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ არაფერი შენთან სალაპარაკო არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, დანარჩენს მერე მოგახსენებ. არ იქნება და მე დაგირეკავ და მე თვითონ გნახავ-მეთქი. შვიდჯერ დამირეკა. დღეს ისეთი მისცა ხმა, მე მგონი, ის ღილაკიც ჩაამტვრია. ვასილ ჩიგოგიძე ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო, ღირსეული ადამიანი არის[…]

შეწუხებული იყო ადამიანი, ისევე, როგორც ყველა, ვინც იქ იყო. არ შეიძლება კომისრობა მოგწონდეს და ადამიანის დაჭერა. ეს ადამიანი გუშინ მეუბნება, რომ მე თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებო, რომ მართალი ვარო. ჩემთვის ვიფიქრე, რომ ეს ადამიანი ამას გააკეთებს და ვაპირებდი საჯაროდ იმის თქმას, რომ ყოჩაღ ვასილ ჩიგოგიძეს, რომ თითი არ მიაჭირა. ნახეთ, რაც გააკეთა, გააკეთა”, — განაცხადა მელიამ.

ამასთან, მელიას თქმით, გადაწყვეტილი იყო, რომ ჩიგოგიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც მელია ამბობს, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ჩიგოგიძემ “ქართულ ოცნებაში” გადაინაცვლა და მაჟორიტარობის კანდიდატადაც მათ წარადგინეს.

“ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას. ბატონი ჩიგოგიძე გავიცანი მე სასამართლოში, ორივე ვიყავით ბრალდებული “ქართუ ბანკის” საქმეზე. მე ამ საქმის ფარგლებში ოფიციალურად გამომაგდეს პარლამენტიდან და ეს ადამიანი კი არის იქ, სადაც არის. ეს ადამიანი მზად იყო კი არა, ხელი მქონდა ჩამორთმეული, რომ გურიაში კენჭს იყრიდა “ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან და უცბად გავიხედე, ბოლო სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, და წარადგინეს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი, მე ვიყავი მასთან მოლაპარაკე, გავუწიე რეკომენდაცია პარტიაში, ხელი ჩამოვართვი, დაიწყო საარჩევნო კამპანია და დრუზა თავი “ქართულ ოცნებაში”, — განაცხადა მელიამ.

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. 88 დეპუტატს შორის ერთ-ერთი სწორედ ვასილ ჩიგოგიძე იყო.

წინააღმდეგ ხმა მისცეს პარტია “მოქალაქეების” წევრებმა: ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ “ევროპული სოციალისტებიც”, თუმცა ოთხივე მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ქართული ოცნების” წევრებს, მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა პარტიის ყველა დეპუტატმა, ვინც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

ამით პარლამენტმა მიიღო დადგენილება “ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”. დადგენილება ეყრდნობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით და რეგლამენტის მე-11 მუხლს, რომელიც პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებს ადგენს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის შეთხვევაში დადგება დღის წესრიგში.


20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი