ახალი ამბები

მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით გუდაურში აქცია გაიმართა

16 თებერვალი, 2021 • 807
მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით გუდაურში აქცია გაიმართა

მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით გუდაურში აქცია გაიმართა. ორგანიზაცია “დაიცავი მთის კურორტების” დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე აცხადებს, რომ კურორტების გახსნას ჯერ კიდევ აქვს აზრი, რადგან დიდი თოვლია, შესაბამისად, იქ მდებარე ობიექტები მარტში მუშაობას შეძლებენ.

მისივე თქმით, ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ სექტორის სუბსიდირების საკითხებზე იმუშავებს.

“კიდევ არის შანსი, გაიხსნას ეს კურორტი, რადგან ახლა ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და მოდის. ეს საშუალებას მოგვცემს მთელი მარტი ამუშაო ეს კურორტი. თუ არადა, უნდა დაიწყოს [მუშაობა], როგორ შეიძლება ამ ხალხის დახმარება. ასევე, რა რეგულაციებით აპირებენ მომავალ წელს მუშაობას, როგორ მოახერხებენ იმას, რომ ეს ბიზნესი მიწასთან არ გასწორდეს და მომავალ წელს ფუნქციონირება შეძლოს.”

გიდი ალექსანდრე დადვანი Bm.ge-ის ეუბნება რომ გუდაურის მსგავსად მესტიაშიც ყველაფერი დაკეტილია. ამას გარდა, აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ზამთრის კურორტებს 2019 წლის სეზონიც თითქმის არ უმუშავიათ:

“ზუსტად ერთი წლის წინ ზამთრის სეზონი შუაში გაჩერდა, ასევე გაჩერდა ზაფხულის სეზონი და უკვე მესამე სეზონია აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილია. არ გვაქვს სტუმრების მიღების უფლება.. თავი დავანებოთ იმას, რომ საბაგიროები გამორთულია, ასევე, სასტუმროებს ოპერირების უფლება არ გვაქვს. მოკლედ, მესტიაში ყველაფერი გაჩერებულია. პარალელურად აქცია იმართება მესტიაშიც და თანადგომას უცხადებენ გუდაურს. ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს მესტიასა და გუდაურს. მესამე სეზონია ყველაფერი დაკეტილია.”

ზამთრის კურორტების გახნის მოთხოვნით მთავრობას სექტორმა რამდენჯერმე მიმართა, თუმცა 4 თებერვალს, როცა მთავრობამ სხვადასხვა სექტორზე შეზღუდვების მოხსნის გეგმა დააანონსა, ზამთრის კურორტები მათ შორის ვერ მოხვდა. ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე ზამთრის კურორტები ვერ ამუშავდება და საუბრობდა სხვა ქვეყნებზე, სადაც საქართველოს მსგავსად, ზამთრის კურორტები არ მუშაობენ.

თავად სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თუ მთავრობამ მარტამდე არ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვიანებული იქნება, რადგან ზამთრის სეზონი კურორტებზე მარტის ბოლომდე გრძელდება. ამ დროისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტებზე ყველა საბაგირო დაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი