ახალი ამბებიკომენტარიხელოვნება

რა ფაქტორები აფერხებენ ქართული თეატრის კომერციალიზაციას?

16 თებერვალი, 2021 • 4353
რა ფაქტორები აფერხებენ ქართული თეატრის კომერციალიზაციას?

ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი


ქართული თეატრის ელექტრონულმა არქივმა ჩაატარა კვლევა საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში 2018-2020 წლების მაგალითზე“, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმსა და ფოთში არსებული შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ, თეატრებისა და სათეატრო ფესტივალების კომერციული და ინტერნაციონალური შესაძლებლობების, რესურსების, არსებული მდგომარეობის კვლევას და მასზე დაყრდნობით სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, რეკომენდაციების პაკეტის შემუშავებას

კვლევამ, რომელიც მალე ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდება და მისი ხილვა დაინტერესებულ მკითხველს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქართული თეატრის ელექტრონული არქივის ვებგვერდებზე შეეძლებათ, გამოკვეთა მთელი რიგი პრობლემები, როგორც შემოქმედებით ინდუსტრიებში, ისე თვითმმართველობებში. 

ფოთისა და ბათუმის თეატრების რეპერტუარი არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ფორმის, სახეობის პროდუქტის შექმნას, რომელიც გათვლილი იქნება მიზნობრივი აუდიტორიისთვის (ბავშვები, მოზარდები, ტურისტები, ადგილობრივი მაყურებელი, სხვადასხვა სეგმენტი). ფოთისა და ბათუმის ადგილმდებარეობა, სხვა ქართულ თეატრებთან შედარებით, ორმაგად ხელს უწყობს სათეატრო სექტორის ნებისმიერ სეზონზე მუშაობას და საჭიროა არა მხოლოდ საერთაშორისო პროექტების განხორციელება, არამედ ტურისტების მოზიდვა და საქართველოში კულტურის ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კულტურული ტურიზმის განსავითარებელი პროდუქტები ტურისტული რეგიონების ქალაქების თეატრებში, ფაქტობრივად, არ იქმნება. 

სახელოვნებო ინდუსტრიების კომერციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, თუმცა მუნიციპალიტეტები ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არ აფინანსებენ პროექტებს, რომლებიც სათეატრო პროდუქტის შექმნას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიღებული აქვს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც გაწერილია 2019-2021 წლებზე. მასში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბათუმის სათეატრო ცხოვრების განვითარებას, თუმცა 2018-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 5 მცირებიუჯეტიანი პროექტი დააფინანსა. ეს ფაქტი, დაფინანსების პოლიტიკა, მიუთითებს კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის ფორმალურ მნიშვნელობაზე, ვინაიდან სტრატეგიის დოკუმენტში გაწერილი მიზნები სათეატრო ხელოვნების მიმართულებით შესრულებული არ არის. კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი (ფორმალურადაც კი) არ აქვს მიღებული ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას

სათეატრო ხელოვნების მიმართულებით მხოლოდ ერთი პროექტირეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფინანსდება (წილობრივად, ფესტივალის საერთო ბიუჯეტის 9.8 %). ფოთის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს არ გააჩნია სტრატეგია, კულტურის პოლიტიკა და კონცეფცია. პრობლემაა მუნიციპალიტეტების კულტურის საქალაქო სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციაც, რომელთა მუშაობა აისახება კიდეც შედეგზე. 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბათუმისა და ფოთის სათეატრო ფესტივალები არ არიან ორიენტირებული კომერციალიზაციაზე, რადგან დასწრება ყველა ფესტივალზე თავისუფალია. სამაგიეროდ, წარმატება შეინიშნება ინტერნაციონალიზაციაში, ვინაიდან იზრდება ფესტივალებში ჩართული უცხოური დასების რიცხვი, მაგრამ როგორც კვლევამ აჩვენა, ინტერნაციონალიზაციის პროცესი პირდაპირ კავშირშია ფესტივალის ბიუჯეტთან. ფესტივალების დაფინანსების კლებასთან ერთად, იკლებს უცხოური დასების მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში. ეს ტენდენცია რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში შეინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის შემთხვევაში, რადგანაც 2018-2019 წლებში ფესტივალის საერთო ბიუჯეტი 40 000 ლარს შეადგენდა და მასში 4 უცხოელი მონაწილეობდა, ხოლო 2020 წელს, როცა ფესტივალის ბიუჯეტი ფაქტობრივად განახევრდა, მონაწილე უცხოელი არტისტების რიცხვი 2-ჯერ გაიზარდა. ვფიქრობთ, ამის მიზეზი პანდემიაა, რომელმაც დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა შემოქმედებითი ინდუსტრიები, საშუალება მისცა ფესტივალს მინიმალური ფინანსური რესურსით მეტი უცხოელი არტისტის ჩასართავად ფესტივალში

ბოლო სამ წელიწადში, თეატრების მაგალითზე, იზრდება შემოსავლები. თუ არ ჩავთვლით პანდემიურ წელს, 2019 წელს წინა წელთან შედარებით  ორჯერ გაიზარდა ბათუმის დრამატული თეატრის შემოსავალი. შემოსავლების ზრდა შეინიშნება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც, იგივე ტენდენცია გამოიკვეთა ფოთის დრამატული თეატრის მაგალითზე, როცა 2018-2019 წლებში შემოსავლები ფაქტობრივად ორმაგდება, როგორც ბილეთების რეალიზაციიდან, ისე დარბაზის გაქირავებიდან

კვლევის შედეგად აღმონდა, რომ 2018-2020 წლებში შავიზღვისპირა ქალაქების თეატრების დაფინანსება აჭარის რეგიონის მაგალითზე ცვალებადია, 2018-2019 წლებში, ბათუმის დრამატული თეატრის მაგალითზე, ბიუჯეტის მატება შეინიშნება (ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსებისა და ჩატარების ხარჯზე), ხოლო 2020 წელს, კლება, რაც პანდემიით არის გამოწვეული. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაგალითზე კი, 2018-2020 წლებში სამინისტროს მიერ თეატრის დაფინანსება იკლებს. იგივე ტენდენცია იკვეთება ფოთის დრამატული თეატრის მაგალითზეც, 2018 წლის შემდეგ, 2019 წელს თეატრის დაფინანსება შემცირდა, ხოლო 2020 წელს ოდნავ გაიზარდა. შავიზღვისპირა სამ თეატრს შორის ფოთის დრამატული თეატრი ლიდერია ადგილობრივ გრანტების მობილიზებაში.  2018-2020 წლებში ფოთის დრამატულმა თეატრმა 85 000 ლარის მოპოვება შეძლო ადგილობრივი გრანტების სახით, ბათუმის ორივე თეატრის მიერ მოპოვებული გრანტების ციფრი შეადგენს 0.00 ლარს

კვლევის განხორიცლებაში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან; კვლევაში მონაწილეობა მიიღეს შავიზღვისპირა ქალაქების თეატრებმა (ბათუმის დრამატულმა, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა, ასევე ფოთის დრამატულმა თეატრებმა), სახელმწიფო ინსტიტუციებმა (აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები), ამ ქალაქების ფესტივალებმა (ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი), ასევე ხელოვნების სფეროს მენეჯერებმა, ეკონომისტებმა, მარკეტოლოგებმა, კულტურისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტებმა, თეატრის მკვლევრებმა და სახელისუფლებო ინსტიტუციების ხელმძღვანელებმა, კურატორებმა. სწორედ ექსპერტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი. 

კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი (შავიზღვის აუზის ქალაქების მაგალითზე), სადაც თეატრები და ფესტივალები მნიშვნელოვანი კომერციული ინსტიტუტებიც არიან. უცხოურ თეატრებს აქვთ შემოსვლის წყაროების გაზრდის ისეთი პრაქტიკული საშუალებები დანერგილი, რაც ქართული თეატრისთვის თითქმის უცხოა. შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და ქალაქების თეატრები მულტიფუნქციური ინდუსტრიები არიან. მხატვრული პროდუქტის გარდა, ისინი მაყურებელს სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამებს, საექსკურსიო ტურებს მუზეუმებსა და თეატრში, აქირავებენ ფოიეს ღონისძიებებისთვის, კოსტუმების გაქირავების სერვისს, ყვავილებისა და წიგნების მაღაზიებს, რესტორნებისა და კაფეების ფართო სპექტრს, სივრცეს კერძო სადღესასწაულო და საჯარო კულტურული ღონისძიებებისთვის. 

კომერციალიზაციის გზის გასავლელად, აუცილებელია სახელოვნებო საშემსრულებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება,  თეატრებისა და ფესტივალების მხრიდან ყველა რესურსი მობილიზებული უნდა იყოს ბაზარზე მოთხოვნის გასაზრდელად საშემსრულებლო ხელოვნების პროდუქტებზე. უნდა გაძლიერდეს დამოუკიდებელი  შემოქმედებითი ინდუსტრიები. სასტარტო ეტაპზე სახელწმიფომ ხელი უნდა შეუწყოს დამოუკიდებელი ხელოვანების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას კონკურენციის შექმნის მიზნით, რათა ისინი იქცნენ კომერციულ ინსტიტუტებად. ქართულმა თეატრმა უნდა მოახერხოს თანამედროვე, ინოვაციური და აქტუალური პროდუქტის შეთავაზება, რომელიც საზოგადოებისათვის მტკივნეულ და აქტუალურ საკითხებს ეხება

კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციები, საერთაშორისო გამოცდილება და ექსპერტთა მოსაზრებები ერთგვარი მეგზურია არა მხოლოდ ფოთისა და ბათუმის, არამედ ზოგადად საქართველოში არსებული საშემსრულებლო ხელოვნების სექტორისთვის. კვლევა „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ბრიტანეთის საბჭო საქართველოში მხარდაჭერით განხორციელდა. 

 


ლაშა ჩხარტიშვილი არის თეატრის მკვლევარი და კრიტიკოსი, მონაწილეობდა კვლევაში, რომელსაც ეხება აღნიშნული სტატია. 


ფოტო: ბათუმის  თეატრი

მასალების გადაბეჭდვის წესი