ახალი ამბები

მელია ახალი გირაოს გადახდას არ აპირებს – ადვოკატი

3 ნოემბერი, 2020 • 1591
მელია ახალი გირაოს გადახდას არ აპირებს – ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.  ამის შესახებ კონდახიშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

“ბრალდების მხარე აბსურდშია შესული. სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამრთლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში პროკურორი ამბობს, რომ ნიკამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას ან არ, ან ვერ იყენებენ. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია. ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არათუ საზღვრის გადაკვეთა, ჩამორთმეული აქვს სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს იმიტომ, რომ გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, რომ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს და ფარატინა ფურცელია და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ სასამართლოში შუამდგომლობის დაყენება პოლიტიკური ნაბიჯია და პროკურატურას ამით სურს წარმოაჩინოს, რომ გარკევული რეაგირება მოახდინა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე. კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურას ამ შემთხვევაში პატიმრობა უნდა მოეთხოვა. რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ასევე მოვიდა ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაც. მისი თქმით, წინა გირაოს გადასახდელად მათ სახლი იპოთეკით დატვირთეს და ახალ გირაოს ვეღარ გადაიხდიან. ანზორ მელიას თქმით, ის ელოდება, რომ მის შვილს დააკავებენ.

საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვას ითხოვს.

ოფიციალურ კომენტარში უწყება ამბობს:

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს,“

აღნიშნულს წინ უსწრებდა ნიკა მელიას მიერ პირველი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯურის დემონსტრაციული მოხსნა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე მოიხსნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის გაკეთებული ელექტრონული სამაჯური.

“ამ სამაჯურის ტარებას აღარ ვაპირებ, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა და არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ციხეში ვიქნები თუ თქვენთან ერთად ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს და გამარჯვებულები ვიქნებით”, – განაცხადა მელიამ აქციაზე გამოსვლისას.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი