ახალი ამბები

გამოწვევები ტუბერკულოზის მკურნალობასა და პრევენციაში – აუდიტის ანგარიში

15 თებერვალი, 2021 • 917
გამოწვევები ტუბერკულოზის მკურნალობასა და პრევენციაში – აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოში ტუბერკულოზის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტს აქვეყნებს, რომელიც 2016-დან 2019 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტში აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოში ტუბერკულოზზე ეპიდზედამხედველობის მექანიზმის აღსრულება გამართულად არ ფუნქციონირებს და ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება.

ანგარიშის მიხედვით იკვეთება, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს არ აქვს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც განხორციელდება ეპიდკვლევის ჩატარების დროულობის კონტროლი და ეპიდკვლევის ჩატარების შემდეგ გამოკვლეული კონტაქტის ექიმთან მისვლის/არმისვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსოფლიოს მასშტაბით ტუბერკულოზი ინფექციურ დაავადებებს შორის ერთ – ერთი ყველაზე უფრო სახიფათო და გავრცელებული დაავადებაა და მისი პრევალენტობის შემცირებასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება ეპიდზედამხედველობის მექანიზმის გამართული ფუნქციონირება, ლატენტური ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობა, მიგრაციული ნაკადებისგან მომდინარე რისკების შემცირება და მკურნალობის დროს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები.

თუმცა ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება და მოიცავს დაავადების გამოვლენას, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მკურნალობის დამხმარე მექანიზმების ფუნქციონირებას, აღნიშნულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს.

აუდიტის განცხადებით, დაავადების ადრეული აღმოჩენისათვის ეპიდკვლევის დროულობასთან ერთად აუცილებელია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების სათანადო მოცვა, რაც გულისხმობს ერთ ინდექს-პაციენტზე ჩატარებული ეპიდკვლევის გარკვეულ რაოდენობას. თუმცა ქვეყნის მასშტაბით ერთ ინდექს-პაციენტზე გამოკვლეული კონტაქტების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ინფიცირების შემთხვევების ოპტიმალური რაოდენობის გამოვლენას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ განსხვავებულია ეპიდემიოლოგების პროდუქტიულობა რეგიონების მიხედვით, რაც დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორია ეპიდზედამხედველობის მექანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის:

“ტუბერკულოზის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შესაბამის რისკჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 100-ს ჩამოსცდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამ ნიშნულს 7 წლის წინ მიაღწია, 5 წლამდე ბავშვების ლატენტურ ტუბერკულოზზე მკურნალობის სათანადო მოცვა უზრუნველყოფილი არ არის. ტუბერკულოზის გავრცელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ადამიანების მობილობაა. დაბალი პრევალენტობის ქვეყნებში ტუბერკულოზის შემთხვევების დიდი წილი მიგრანტებში ფიქსირდება.

ვინაიდან საქართველოში ინფექციის გავრცელების კლებადი ტენდენციაა, მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებისა და შემცირების მექანიზმი”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდისა და მკურნალობისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გამო, აუდიტის განცხადებით, პაციენტების დიდი ნაწილი (2019 წელს რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების 19.4%, ხოლო სენსიტიურის − 6.2%) წყვეტს მკურნალობას, რაც განკურნების პროცესის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული მკურნალობის დამხმარე დამყოლობის მექანიზმების არსებობა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობის ხანგრძლივი და რთული პერიოდის დაძლევაში დამყოლობის კონსულტანტები, ასევე ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ეხმარებიან, თუმცა აღნიშნული სპეციალისტები არათანაბრად არიან გადანაწილებული ქვეყნის მასშტაბით და სრული სერვისის მიღება მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს დამყოლობის სამსახურის ერთიანი სისტემა. ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისის დამყოლობის სამსახური და რეგიონალური დამყოლობის კონსულტანტები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, რაც განაპირობებს მუშაობის სხვადასხვა, არაკოორდინირებულ მიდგომას.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხარვეზებია დამყოლობის კონსულტაციების ადმინისტრირებაშიც. კერძოდ, არ არსებობს ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების ერთიანი მონაცემები:

“მხოლოდ თბილისში, 2019 წლიდან დაიწყო ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების ერთიანი ბაზის წარმოება. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯისა, ბაზის სტრუქტურა არ იძლევა პაციენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის აღრიცხვის საშუალებას. ასევე, სახელმწიფო დონეზე არ არსებობს დამყოლობის კონსულტაციების განხორციელების უნიფიცირებული სახელმძღვანელო.

მიუხედავად იმისა, რომ დამყოლობის კონსულტაციები ინდივიდუალურად, პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე უნდა იყოს ორგანიზებული, მნიშვნელოვანია არსებობდეს ერთიანი, წინასწარ გაწერილი მიდგომა, რომელიც საერთო იქნება ქვეყნის მასშტაბით დამყოლობის კონსულტანტებისთვის” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მკურნალობის დროს გამოყენებული დამხმარე მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირება ხელს უწყობს მკურნალობაშეწყვეტილი პაციენტების რაოდენობის ზრდას, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის რეჟიმს არ იცავენ, დამატებითი მაღალი ფინანსური გავლენა აქვთ.

აუდიტის სამსახურის თქმით, შესწავლილ 31 შემთხვევაში, როდესაც პაციენტებმა შეწყვიტეს მკურნალობა და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზი განუვითარდათ, სახელმწიფომ მათ მკურნალობაზე 371,405 ლარით მეტი ხარჯი გასწია.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია ტუბერკულოზის მკურნალობის დროს გამოყენებული დამხმარე მექანიზმების გასაძლიერებლად:

“ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება მეთვალყურეობიდან დაკარგული რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტები. საქართველოში არსებული კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციები რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მეთვალყურეობიდან დაკარგვის მიზეზად ხშირად ასახელებენ მკურნალობის გვერდითი მოვლენების არადამაკმაყოფილებელ მართვას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ განსაზღვრავს არანებაყოფლობითი იზოლაციის მექანიზმს, როგორც უკიდურეს ზომას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის პერიოდში კანონით დაშვებული მეთოდის გამოყენების საჭიროება 33 შემთხვევაში დადგა, მისი აღსრულების არცერთი პრეცედენტი არ დამდგარა, აღსრულების შესაბამისი მექანიზმის არარსებობის გამო:

“საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ და ჯანმო უკიდურესობით გამოწვეულ მექანიზმად აღიარებს არანებაყოფლობით იზოლაციას მას შემდეგ, რაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების და მისი ნებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში ჩართვის ყველა საშუალება და ზემოაღნიშნული მექანიზმის გარეშე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლებელია” ,- ნათქვამია ანგარიშში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის სამსახური მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს:

  • ეპიდემიოლოგიური კვლევების პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარებისა და გამოკვლეული კონტაქტების მიდევნებისთვის, ფთიზიატრთან მისვლის/არმისვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის უზრუნველყოს ერთიანი სათანადო ბაზის წარმოება და საჭირო კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით შეამოწმებს ეპიდკვლევების მიმდინარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს სათანადო ზომებს;
  • ერთ ინდექს-პაციენტზე ჩატარებული ეპიდკვლევების საქართველოსთვის ოპტიმალურ მაჩვენებელთან მიახლოების მიზნით, გაითვალისწინოს ეპიდემიოლოგების პროდუქტიულობის მაჩვენებლები რეგიონალურ ჭრილში და საჭიროებისამებრ, შესაბამის მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებთან ერთად განიხილოს მოცვის გაზრდის შესაძლებლობები;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩართულ მხარეებთან ერთად უზრუნველყოს შესაბამის რისკჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის მოცვის გაზრდისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ერთად ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების პროცესის ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის შეიმუშაოს დამყოლობის კონსულტაციების ჩატარების ერთიანი უნიფიცირებული სახელმძღვანელო და ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების აღრიცხვის ერთიანი ბაზა, რომლის სტრუქტურაც უზრუნველყოფს პაციენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვებას.

ჯანდაცვის სამინისტროს:

  • შეიმუშაოს უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის საჭირო პრევენციული მექანიზმი;
  • ჩართულ მხარეებთან ერთად შეიმუშაოს არანებაყოფლობითი იზოლაციის, როგორც საფრთხიდან თავის არიდების უკანასკნელი მეთოდის აღსრულების მექანიზმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი