ნეტგაზეთი | ეგვიპტეში “უძველესი ლუდსახარში” აღმოაჩინეს ეგვიპტეში “უძველესი ლუდსახარში” აღმოაჩინეს – Netgazeti
RU | GE  

ეგვიპტეში “უძველესი ლუდსახარში” აღმოაჩინეს

ეგვიპტეში აღმოაჩინეს ნაშთები, რომლებიც, შესაძლოა, ამ დროისთვის ცნობილი ლუდსახარშებიდან უძველესს განეკუთვნებოდეს. ინფორმაცია, ფოტოებთან ერთად, ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ გაავრცელა.

არქეოლოგიური გათხრები ეგვიპტელმა და ამერიკელმა სპეციალისტებმა სუჰაგის პროვინციაში, ძველი ეგვიპტის ქალაქის, აბიდოსის ტერიტორიაზე ჩაატარეს. ქალაქი ცნობილია ფარაონთა უძველესი სამარხებითა და მათი ხსოვნის პატივსაცემად აგებული ძეგლებით.

"უძველესი ლუდსახარშის" ნაშთები. ფოტო: ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო

“უძველესი ლუდსახარშის” ნაშთები. ფოტო: ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო

ოფიციალურ პირთა განცხადებით, ლუდსახარში პირველი დინასტიის პერიოდს, კერძოდ, მეფე ნარმერის მმართველობის წლებს განეკუთვნება. ნარმერი ძვ.წ. 3150-2613 წლებში მეფობდა.

საწარმო შედგება 20 მ. სიგრძისა და 2.5 მ. სიგანის 8 დიდი სექციისგან.  თითოეული მათგანი მოიცავს ორ რიგად გაწყობილ 40 ერთეულ ჭურჭელს, რომლებსაც ლუდის წარმოებისთვის, უფრო კონკრეტულად კი — მარცვლეულისა და წყლის ნაზავის გასათბობად — იყენებდნენ.

"უძველესი ლუდსახარშის" ნაშთები. ფოტო: ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო

“უძველესი ლუდსახარშის” ნაშთები. ფოტო: ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო

არქეოლოგიური მისიის მონაწილე, ამერიკელი მკვლევარი მეთიუ ადამსი მიიჩნევს, რომ აბიდოსში წარმოებული ლუდით სამეფო რიტუალების მონაწილეებს ამარაგებდნენ. მისივე თქმით, ეს აღმოჩენა ამყარებს მოსაზრებას, რომ მსხვერპლშეწირვის პროცესში ძველი ეგვიპტელები ნამდვილად იყენებდნენ ლუდს.

ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს თქმით, ბრიტანელი არქეოლოგები ამ ტერიტორიაზე ლუდსახარშის არსებობას ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ვარაუდობდნენ, თუმცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან