ახალი ამბები

მელია განმარტავს, რატომ არ იხდის მეორე გირაოს

12 თებერვალი, 2021 • 563
მელია განმარტავს, რატომ არ იხდის მეორე გირაოს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლისგანაც პროკურატურა გირაოს თანხის გადახდას ითხოვს, Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ დაწყებული დევნაზე საუბრობს.

ენმ-ის თავმჯდომარე წერს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლომ პირველად, აღმკვეთ ღონისძიებაში გამოიყენა ელექტრონული მონიტორინგი გირაოსთან ერთად. მაშინ, როცა მელიას თქმით, ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასჯელის სახით შინაპატიმრობის დროს გამოიყენება.

ამას გარდა, ნიკა მელია წერს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველი ბარლდებული იყო, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა.

“ქართულ სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში პირველად, უკვე გადახდილი გირაოს შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, დამატებით კიდევ გირაოს გადახდა დამეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიმართ ე.წ „გავრილოვის “ საქმეზე შეფარდებული გირაო სრულიად უკანონოდ მიმაჩნდა, პატივი ვეცი სახელმწიფო ინსტიტუტებს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გირაო 30.000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე გადავიხადე. თუმცა, როდემდე შეიძლება გავყვე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახებ გადაწყვეტილებებს, რომელიც მთლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან?”, – წერს ენმ-ის თავმჯდომარე.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის და მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში თანხის ხელახალ მოთხოვნას ენმ-ში დაწყებულ რეფორმებს უკავშირებს. მისი თქმით, “პოლიტიკური აქტიურობის განეიტრალების” მიზნით, პროკურატურა ახლა დაპატიმრებით ემუქრება უკანონოდ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში.

“შეუძლებელია მე არ ვიყო სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისმცემელი დ,ა ცხადია, მე ვაცნობიერებ ჩემს სტატუსს, პატივს ვცემ კანონს და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განუხრელად ვიცავ მათ, მაგრამ ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო და დავემორჩილო უკანონობას თუნდაც პატიმრობის მუქარის ფონზე, რადგან ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის, მომავალი თაობების, ჩემი პატარა შვილის წინაშე, რომელმაც მინდა, რომ სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპული ტიპის ქვეყანაში იცხოვროს.

სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების თვალსაწიერიდან საქართველოს მოსახლეობა დაყოფილია მათ მომხრეებად და პოტენციურ ბრალდებულებად. მე ამ ბრალდებულათაგან მხოლოდ ერთ-ერთი ვარ, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდაც ქართული ოცნების ხელისუფლება ხშირად ვაჭრობს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებს. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან მთავრობის ეს რევანშისტური პოლიტიკა არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და ქვეყანას უკარგავს რეალურ შანსს, თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს”, – წერს მელია.

პროკურატურამ მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი