ახალი ამბები

საკონსტიტუციომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კონსტიტუციურად მიიჩნია

11 თებერვალი, 2021 • 1204
საკონსტიტუციომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კონსტიტუციურად მიიჩნია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უმეტესწილად კონსტიტუციურად მიიჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები („პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) მხოლოდ ერთ — შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების მთავრობაზე არასათანადო ფორმით დელეგირების ნაწილში დააკმაყოფილა.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმებით მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრისა და რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე კი, მთავრობის მიერ დადგინდა მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა ის უფლებამოსილი სუბიექტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის შესახებ.

მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირს ევალება თვითიზოლაციაში ყოფნა ან ხდება მისი საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ პირის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება, წარმოადგენს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას. ამასთანავე, გასაჩივრებული იყო ნორმა, როდესაც გადაწყვეტილებას კონტაქტირებული პირის განცალკევების —იღებს არა სასამართლო, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის განცალკევება, რაც გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვას, წარმოადგენს, არა ფიზიკური თავისუფლების, არამედ გადაადგილების თავისუფლების  შეზღუდვას და დამატებით უნდა შეფასდეს სხვა, რიგი ფაქტორები, მათ შორის, პირისთვის კონკრეტული სივრცის დატოვების აკრძალვის მიზნები, მისი სამართლებრივი სტატუსი, პირის მოქმედების თავისუფლებისა და მის ნებაზე ზემოქმედების მასშტაბი და ა.შ. მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირება.

“კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია ნებისმიერი მიზნით, შეუზღუდავად ისარგებლოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებითა და ინტერნეტით, დაკავდეს ნებისმიერი საქმიანობით და მისი ქცევა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არ ექვემდებარება რაიმე ტიპის კონტროლს ან კორექციას, განსხვავებით დაკავებული ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირებისაგან”, – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლო.

მოსარჩელე, ასევე, მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით მთავრობას მიენიჭა საკუთრების უფლების, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის აბსოლუტური უფლებამოსილება და პარლამენტმა უარი თქვა საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებაზე, როდესაც ძირითად უფლებათა შეზღუდვის დელეგირებისას თავად არ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის შინაარსი, ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ზეამოაღნიშნული არგუმენტი არ გაიზიარა და ჩათვალა, რომ სადავო ნორმები არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.

მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს შრომითი უფლებების ორგანული კანონის საფუძველზე მოწესრიგების ვალდებულებას და ამიტომ, სწორედ ამავე გზით უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლების შეზღუდვის დელეგირება სხვა ორგანოზე. საქართველოს მთავრობას, ნაცვლად ორგანულ კანონისა, ორდინალური კანონის საფუძველზე გადაეცა შრომით უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, რაც სასამართლოს განჩინებით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

კოლეგია ოთხი მოსამართლის — გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი — მიერ იყო დაკომპლექტებული. აქედან გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი