ახალი ამბები

“პარლამენტი ერთჯერადი მოხმარების არაა” — ხუნდაძე რესპუბლიკელების იდეაზე

11 თებერვალი, 2021 • 805
“პარლამენტი ერთჯერადი მოხმარების არაა” — ხუნდაძე რესპუბლიკელების იდეაზე

პარლამენტის წევრი პარტია “ქართული ოცნებიდან”, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მიესალმება, “თუ რესპუბლიკელებს სურვილი გაუჩნდათ, რომ პარლამენტში შევიდნენ”, მაგრამ მიაჩნია, რომ “პარლამენტი არ არის ერთჯერადი მოხმარების”.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სასურველი იქნებოდა, თუ “რესპუბლიკური პარტიის” წევრები მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის არ ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.

“თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და საკუთარი ბედი აინტერესებთ და არა ძალიან ბევრი საკითხი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ძირითადი გამოწვევები, რაც უნდა წყდებოდეს პარლამენტში. რა თქმა უნდა, სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს”,- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნება მზადაა განიხილოს საარჩევნო ბარიერის ნულიდან სამ პროცენტამდე დაწესების საკითხი.

“საარჩევნო თემატიკის განხილვისათვის “ქართული ოცნება” არის მზად ნულიდან სამ პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება იქნება მათთან ერთად განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც პარლამენტში ერთობლივად უნდა გადაწყდეს”, – მიაჩნია ხუნდაძეს.


რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მმართველი პარტია პარლამენტში დაარეგისტრირებს საარჩევნო სისტემის რეფორმის კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, ის მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრაში ჩაერთოს.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში უბარიერო სისტემის მხარდასაჭერად პარლამენტში ერთჯერადად შესვლას არ აპირებს.

რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი