ახალი ამბები

“უძინართა მზის” შემდეგ პირველად ქართული ფილმი ბერლინალეს მთავარ კონკურსში მოხვდა

11 თებერვალი, 2021 • 2152
“უძინართა მზის” შემდეგ პირველად ქართული ფილმი ბერლინალეს მთავარ კონკურსში მოხვდა

ალექსანდრე კობერიძის ფილმის, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს მთავარ სელექციაში გაიმართება.

საქართველოს კინოცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს “უძინართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.

როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და  შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ. რეჟისორის თქმით, ფილმში აღმოჩნდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ჯადოს წინააღმდეგ უძლურია.

ასევე, ბერლინალეს წლევანდელ გამოშვებაში იქნება წარმოდგენილი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება”. ბერლინში ფილმს აჩვენებენ სექციაში “ფორუმი”. ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა.

სალომე ჯაშის “მოთვინიერების” ევროპული პრემიერა ბერლინალეზე შედგება

ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი.

პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი