ახალი ამბები

პარლამენტში ერთჯერადი შესვლა “ქართულ ოცნებას” დაეხმარება – შავგულიძე

10 თებერვალი, 2021 • 926
პარლამენტში ერთჯერადი შესვლა “ქართულ ოცნებას” დაეხმარება – შავგულიძე

“ევროპული საქართველოს” პარტიული სიის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ცალკეულის პარტიების და პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლა “ქართული ოცნებას” აწყობს, ოპოზიციის მიზნის მისაღწევად კი მათი ერთიანი პოზიცია აუცილებელია. ამის შესახებ შავგულიძემ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

“მეჩვენება, რომ ბოლომდე ვერ არის ჩამოყალიბებული პოზიცია [რესპუბლიკელების ინიციტივა]. შეიძლება ცოტა დახვეწო, შეცვალო. საერთოდ ეს უნდა მოხდეს საერთო შეთანხმებით და მაშინ ექნება წონა პროტესტსაც და მოთხოვნების შესრულების პერსპექტივა მაშინ იქნება. თუ ცალკეულად ასე, ზოგი რაღაცისთვის შევა, ზოგი- სხვა რაღაცისთვის, ასე პროტესტი ვერ შედგება და, შესაბამისად, ეს ყველაფერიც ფასს დაკარგავს”, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” პარლამენტში “მრავალპარტიულობის სურათის” შექმნა სჭირდება და ცალკეული პარტიებისა თუ ადამიანების შესვლა ერთი დღით ნიშნავს, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ.

“მეორე მხრივ, 100 პარლამენტარი სჭირდებათ, რომ პარლამენტმა სრული უფლებამოსილება შეიძინოს, რადგან თუ არ არის 2/3 წარმოდგენილი პარლამენტში, ის ვერ შეიძენს სრულ უფლებამოსილებას. ანუ აქაც დაეხმარება [ქართულ ოცნებას] ეს ერთჯერადი შესვლა. რა საპირწონე სიკეთეს უქადის ქვეყანას ბარიერის დაწევა, რომ ღირდეს ამ ყველაფრად, როცა კიდევ სხვა მრავალი გარემოებები დაკმაყოფილდება “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამას სჭირდება შეფასება, რომ ბარიერის დაწევის ინიცირება, რომელიც მიღებას არ ნიშნავს, იძლევა ამ სიკეთეს? საერთოდ მე არ ვარ მომხრე ასეთი სეპარატისტული მოსაზრებების, რადგან თუ რაღაც გაერთიანება არსებობს და იწყებს რღვევას, ის კარგავს აზრს”, – განმარტა შავგულიძემ.

დღეს, 10 თებერვალს,სამნიძემ განაცხადა, რომ პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი