ახალი ამბები

დრამატულს ვერაფერს ვხედავ – ახვლედიანი რესპუბლიკელების ინიციატივაზე

10 თებერვალი, 2021 • 1009
დრამატულს ვერაფერს ვხედავ – ახვლედიანი რესპუბლიკელების ინიციატივაზე

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, როდესაც საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, ის პრობლემას ვერ ხედავს პარლამენტში ერთჯერადად შესვლაში. ასე გამოეხმაურა ახვლედიანი “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას პარლამენტში ერთჯერადად შესვლასთან დაკავშირებით.

დღეს, 10 თებერვალს სამნიძემ განაცხადა, რომ პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

“მე ახლახან გავეცანი ამ ინიციატივას და ორ რამეს გეტყვით, პირველი – ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი კატეგორიული მსჯელობისა, იმ საკითხების გარდა, რაც ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება. რაც ქალბატონმა სამნიძემ ბრძანა, როგორც ვხვდები, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს “ოცნება”, შევიდეთ და ერთჯერადად მხარი დავუჭიროთო, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვერ ვხედავ, პირდაპირ გეტყვით”, – განაცხადა ახვლედიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ახლვლედიანის გადაწყვეტილება იყოს ამ ინიციატივის სასარგებლოდ, ახვლედიანმა უპასუხა, რომ “შეიძლება ბევრის გადაწყვეტილება იყოს მის სასარგებლოდ”.

“თუნდაც ოპოზიციიდან ვინმემ მითხრას, ეს [სამნიძის ინიციატივა] ნიშნავს ჩვენს ბოიკოტზე უარს? ნიშნავს ჩვენ მიერ ჩაბარებულ განცხადებაზე, რომ არ გვინდა დეპუტატობა, უარს? რას ამბობთ? ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდეს, ჩვენ ყველა ხომ დავდგებით საქართველოს სადარაჯოზე მიუხედავად იმისა, ვინ დავწერეთ განცხადება და ვინ არა. აქ როცა საქმე ეხება წლების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინტერესს, ანუ დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას, ერთჯერადად რატომ არ უნდა შევიდეს არჩეული დეპუტატი და რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი, თუ შესვლის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ვერ ვხედავ წინააღმდეგობას”, – განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, დასაშვებია თუ არა, რომ ახვლედიანმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღოს და ერთჯერადად შევიდეს პარლამენტში, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ის კონსულტაციებს გაივლის სხვა ოპოზიციონერებთან, თუმცა პირადად ამაში “ვერაფერ წინააღმდეგობას” ვერ ხედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი