ახალი ამბები

“საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა სავალდებულოა” – ოხანაშვილი ოპოზიციაზე

10 თებერვალი, 2021 • 571
“საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა სავალდებულოა” – ოხანაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა სავალდებულოა.

ასე გამოეხმაურა ოხანაშვილი ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თუმცა საგამოძიებო კომისიაში ჩართვასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წევრებს მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ რა ფაქტებზე საუბრობდნენ, როდესაც არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდნენ.

“თუკი აქვთ ეს ფაქტები, როგორც ისინი აქამდე საუბრობდნენ, უნდა წარადგინონ და თვითონვე აჩვენონ საზოგადოებას, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, რასაც ისინი ამბობენ. თუკი ახლა ამბობენ, რომ მათ არ სურთ მუშაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტები არ ჰქონიათ […] საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა არის სავალდებულო. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ როდესაც საგამოძიებო კომისიაში იყვნენ ჩართული, არავის არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა საგამოძიებო კომისიაში მოსვლაზე, ვინაიდან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”, — განაცხადა ოხანაშვილმა.


პარლამენტში იქმნება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა უახლოეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

“საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” დადგენილების პროექტი “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა, რომელიც აცხადებს, რომ თუ კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ თუნდაც ერთპროცენტიან გადახრას აღმოაჩენს,  რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

რაც შეეხება ამ დროისთვის პარლამენტში მყოფ ორ ოპოზიციურ პარტიას, “ევროპელ სოციალისტებსა” და “მოქალაქეებს”, ცნობილია, რომ “ევროპელი სოციალისტები” კომისიის მუშაობაში ჩართვას აპირებენ.

“მოქალაქეებს” კი თავიანთი წინაპირობა აქვთ. როგორც პარტიის ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი აცხადებენ,  საგამოძიებო კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც, მათგან განსხვავებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდათ.

საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ოპოზიციის გარეშე?

მასალების გადაბეჭდვის წესი