ახალი ამბები

უბარიერო არჩევნების წინადადების შემთხვევაში “გირჩი” პარლამენტში დანარჩენი ოპოზიციის გარეშეც შევა

9 თებერვალი, 2021 • 861
უბარიერო არჩევნების წინადადების შემთხვევაში “გირჩი” პარლამენტში დანარჩენი ოპოზიციის გარეშეც შევა

“გირჩის” წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უბარიერო პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება, “გირჩი” არათუ შევა პარლამენტში, არამედ “ქართულ ოცნებასთან” ერთად შეეცდება, “მანდატები ჩაუხსნას” და “ისეთი რაღაცები უქნას”, რომ პოლიტიკაში ადგილი აღარ დარჩეთ.

“თუ “ქართულმა ოცნებამ” დაგვარწმუნა იმაში, რომ არ სურს ამ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია მეტად და დათანხმდა მართლა პროპორციულ არჩევნებს და ვიღაც პოლიტიკოსები ამაზე არ მოდიან, მე რა მინდა იმ ხალხთან ერთად?! რა სიტუაციაში შეიძლება დავრჩე იმ ხალხთან, ვინც სარგებლობს ხელისუფლების უზურპაციით იმისთვის, რომ, ვთქვათ, მიშა საკაშვილი გახდეს შემდეგი უზურპატორი”, – განაცხადა მეგრელიშვილმა “ფორმულას” ეთერში.

კითხვაზე – ანუ მათ გარეშეც შევა თუ არა “გირჩი” პარლამენტში, მეგრელიშვილი პასუხობს:

“არათუ შევალ, არამედ ვეცდები, “ქართულ ოცნებასთან” ერთად, ჩავუხსნათ მანდატები, რაღაცები ვუქნათ, — ისეთი რაღაცები, რომ ამ ხალხს პოლიტიკაში ადგილი აღარ ჰქონდეს… სიმართლე იქნება ის, რომ ვიღაც ხალხმა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შანსი არ გამოიყენა და ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ ყველანაირად”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

“გირჩი” აცხადებს, რომ “სამართლიანი არჩევნების” კვლევა გაბათილდა და არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულება არ აქვს.

“ერთი კვლევა იცით, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ შექმნა და ადასტურებს არჩევნების გაყალბების მასშტაბს. დისბალანსი გაყალბებას ნიშნავს? დისბალანსი გაყალბდას ხომ არ ნიშნავს?! “- ამბობს მეგრელიშვილი.


“გირჩის” პოზიციაა, ნებისმიერი შემდეგი (მათ შორის რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. “გირჩის” განცხადებით, შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის- ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება.

„ჩვენ შევთავაზეთ, ჩემი აზრით, სასწაული პირობა – თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მინიმუმ ჩვენ ხომ შევალთ პარლამენტში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად ჩვენი კოლეგები სრული შემადგენლობით, ყველა შემოვიდეს პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია“, – განაცხადა “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საარჩევნო ბარიერის შეცვლას საკონსტიტუციო უმრავლესობა — 113 დეპუტატის ხმა ესაჭიროება. “გირჩის” 3 წევრის საკანონდმებლო საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაშიც, პარლამენტში მხოლოდ 99 დეპუტატი ეყოლება.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამ პოზიციას მყარი არგუმენტაცია დასჭირდება.

“გირჩისგან” გვესმის პირობა, რომ თუკი დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს, ისინი და სხვა პარტიებიც შემოვლენ პარლამენტში. ეს იყო [გაცხადებული] როგორც საჯაროდ, ასევე, პირად საუბრებში”. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სხვა პარტიების დამოკიდებულება ამ პირობაზე”, – თქვა მდინარაძემ.

“ოცნება” მზადაა, ნულოვან ბარიერზე “გირჩის” პირობა განიხილოს

მასალების გადაბეჭდვის წესი