ახალი ამბები

“ოცნება” მზადაა, ნულოვან ბარიერზე “გირჩის” პირობა განიხილოს

8 თებერვალი, 2021 • 1219
“ოცნება” მზადაა, ნულოვან ბარიერზე “გირჩის” პირობა განიხილოს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამ პოზიციას მყარი არგუმენტაცია დასჭირდება.

მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიარეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და უმრავლესობის მაქსიმალური ჩართულობსი მზაობა გამოთქვეს.

“ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ამ შემთხვევაში საუბარია პარტია “გირჩზე”. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ. ეს იყო [გაცხადებული] როგორც საჯაროდ, ასევე, პირად საუბრებში. მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის. ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024  წლის საპარლამენტო აღჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს სხვა პარტიების დამოკიდებულება იმავე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი “გირჩის” ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციით, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით,  5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. თუმცა “ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმით,  “2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი”.

“გირჩის” პოზიციაა, ნებისმიერი შემდეგი (მათ შორის რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. “გირჩის” განცხადებით, შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის- ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება.

„ჩვენ შევთავაზეთ, ჩემი აზრით, სასწაული პირობა – თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მინიმუმ ჩვენ ხომ შევალთ პარლამენტში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად ჩვენი კოლეგები სრული შემადგენლობით, ყველა შემოვიდეს პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია“, – განაცხადა “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საარჩევნო ბარიერის შეცვლას საკონსტიტუციო უმრავლესობა — 113 დეპუტატის ხმა ესაჭიროება. “გირჩის” 3 წევრის საკანონდმებლო საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაშიც, პარლამენტში მხოლოდ 99 დეპუტატი ეყოლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი