ახალი ამბები

6 თებერვლის დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების დაჯარიმება დაიწყო

8 თებერვალი, 2021 • 1099
6 თებერვლის დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების დაჯარიმება დაიწყო

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ.

“ლელოს” წევრ თაზო დათუნაშვილის თქმით, დაურეკეს საპტრულო პოლიციიდან და შაბათიდან კვირის ღამეს, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის 2 000 ლარით დააჯარიმეს.

“აი, ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება. ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს”, – წერს დათუნაშვილი.

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მისი დაჯარიმების შესახენ ინფორმაცია გაავრცელა “ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემაც.

“დამირეკეს და ხვალ პოლოციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე”, – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

შსს ადგა და დედაჩემს ურეკავენ ბათუმში, თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა და მისი ტელეფონის ნომერი მოგვაწოდეთო. არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა. ჩემი ნომერი შსს-ს ბაზაშიც აქვთ, თბილისიდან ბათუმში ოჯახებში რეკვა რა ტრენდია ასეთი ამორალური, რომელსაც ვერ მოეშვით!
#დოქსოპულო
პ.ს.

კომენდანტის საათის დარღვევის გამო დამაჯარიმეს.

შსს ადგა და დედაჩემს ურეკავენ ბათუმში, თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა…

Posted by Irakli Kupradze on Monday, 8 February 2021

 

“იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ”, – აცხადებს “სირცხვილია” და ასევე აქვეყნებს ამონარიდს სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის 9 ნოემბრის დაუმორჩილებლობის აქციის დღესთან დაკავშირებული განცხადებიდან:

“მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000- ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც არღვევს შეკრება-მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას”.

6 თებერვალს, 21:00 საათზე, „სირცხვილიას“ და სხვა აქტივისტების მონაწილეობით თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა, პოლიციის თანხლებით, წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს რამდენიმე ქუჩა და დედაენის ბაღში გადაინაცვლეს.

აქციის მიმდინარეობისას არავინ დაუჯარიმებიათ, თუმცა საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ როცა მოხდებოდა დამრღვევი პირების იდენტიფიცირება, ისინი დაჯარიმდებოდნენ.

იმავე დღეს ანალოგიური შინაარსის საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც. თუმცა ბათუმის აქციის მონაწილეები – 11 პირი, მათ შორის 2 ქალი- პოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციაზევე დააკავა.

 

„გახსენით ქვეყანა“ – მოძრაობა „სოცაფეთქება“ პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს – LIVE

მასალების გადაბეჭდვის წესი