ახალი ამბები

მოხდება იდენტიფიცირება და ყველა დაჯარიმდება – პოლიცია აქციის მონაწილეებზე

7 თებერვალი, 2021 • 2465
მოხდება იდენტიფიცირება და ყველა დაჯარიმდება – პოლიცია აქციის მონაწილეებზე

თბილისის საპატრულო პოლიცის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის,  გოგა მემანიშვილის განცხადებით, 6 თებერვალს, „კომენდანტის საათის“ დამრღვევი აქციის ყველა მონაწილე დაჯარიმდება 2000 ლარით, „გადაადგილების შეზღუდვის“ წესის დარღვევისთვის.

6 თებერვალს, 21:00 საათზე, „სირცხვილიას“ და სხვა აქტივისტების მონაწილეობით თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით.

აქციის მონაწილეებმა, პოლიციის თანხლებით, წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს რამდენიმე ქუჩა და ამ წუთებშიც [ღამის პირველი საათი] დედაენის ბაღში აგრძელებენ აქციას.

თბილისის აქციაზე არავინ დაუჯარიმებიათ. თუმცა, ახლახან საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა, გოგა მემანიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა:

„როცა მოხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც არღვევს გადაადგილების შეზღუდვას, დაჯარიმდება შესაბამისად. ყველა, ვინც არღვევს და ვისაც არ აქვს შესაბამის ნებართვა“.

გოგა მემანიშვილის თქმით, მათ ადმინისტრაციული წარმოებისთვის აქვთ 2 თვე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ანალოგიური შინაარსის საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც. თუმცა, ბათუმის აქციის მონაწილეები – 11 პირი, მათ შორის 2 ქალი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციული წესით.

თვითმხილველების თქმით, ბათუმში, აქციის მონაწილეების დაკავებისას, მოქალაქეებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი