ახალი ამბები

“ბოიკოტი, ჩემპიონატის დაპაუზება” — პროტესტის რა ფორმებს მიმართავენ აბუსერიძის მხარდამჭერები

11 მარტი, 2021 • 1042
“ბოიკოტი, ჩემპიონატის დაპაუზება” — პროტესტის რა ფორმებს მიმართავენ აბუსერიძის მხარდამჭერები

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის ისეთ ფორმებს მიმართონ, როგორიცაა ბოიკოტი, სარაგბო ჩემპიონატის დაპაუზება და დაუმორჩილებლობა.

როგორც დღეს, 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხაძე ამბობს, სამართლებრივი გზებით ბრძოლის გარდა, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პროტესტის არაერთ ფორმას განიხილავენ, რომელთაგან ყველას ამ ეტაპზე არ ასახელებს:

“პროტესტი არსებობს ბევრნაირი: ბოიკოტი, ჩემპიონატის დაპაუზება, დაუმორჩილებლობა და ა.შ. კიდევ მეოთხე პუნქტია, რომელსაც ჯერ ვერ გავაჟღერებთ. მიდის საუბარი ამაზე მოთამაშეებთან და კლუბებთან. რაგბის სამყაროს 80% გამწარებულია, ვერ ეგუებიან გუშინდელ სპექტაკლს. გუშინ არჩევნების გარდა ყველაფერი იყო. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ჩატარდა ე.წ. არჩევნები და როგორ დაასვეს რაგბის სამყაროს დე ფაქტო პრეზიდენტი”, – აცხადებს ბობა კვინიხაძე.

მისი თქმით, გუშინ გამართული არჩევნები, რომელსაც აბუსერიძემ ბოიკოტი გამოუცხადა და სოსო ტყემალაძემ გაიმარჯვა, წესდების დარღვევით ჩატარდა:

“კანონზე ზემოთ დგანან ადამიანები. ეს ყველაფერი ხომ იწერება არქივებში, ისტორიას რჩება და ბოლომდე მივყვებით. ბრძოლა იწყება, ოღონდ წესებით, ჩვენ არ ვაპირებთ ჩარჩოებიდან გასვლას. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ [მიუხედავად დარღვევებისა, იუსტიციის სახლი ტყემალაძეს] დაარეგისტრირებს.

ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, ჩვენ ხომ დაგვიხარვეზა სრულიად უკანონოდ, ახლაც წესდებაში ბევრი დარღვევებია. ხმები დათვლილი აქვთ არასწორად”, – აცხადებს კვინიხაძე.

პრესკონფერენციაზე აბუსერიძემ ასევე განაცხადა, რომ გეგმავენ დიპლომატებისა და რაგბის საერთაშორისო ფედერაციისთვის მიმართვას და პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას:

“ჩვენ ამერიკის საელჩოს მივმართეთ, ასევე- საფრანგეთი, იტალია, მსოფლიო ფედერაციასაც მივმართავთ, რადგან რაც აქ ხდება, უკანონობის დაკანონებაა, სამარცხვინოა და მივესალმებით, თუ დემოკრატიული კუთხით წავა არჩევნები, ყველა შეეგუება. ამერიკის საელჩოს ახლაც მივმართავთ, ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენებთ, ასევე, საერთაშორისო ფედერაციას და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს”, – ამბობს აბუსერიძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს უკვე წელიწადზე მეტია დავის გარეშე ვერ ირჩევენ. “ექსპო ჯორჯიაში” შეკრებილი დემონსტრანტები დღევანდელ კენჭისყრას უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტად 30 დეკემბრის კენჭისყრაზე უკვე აირჩიეს ვეტერანი მორაგბე, “ოცნების” ყოფილი პარლამენტარი ირაკლი აბუსერიძე. საჯარო რეესტრმა აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და მიზეზად პროცედურული ხარვეზები დაასახელა, თუმცა აბუსერიძის მხარდამჭერები ამ პროცესში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი