ახალი ამბებისაზოგადოება

რა ხდება რაგბის კავშირში და რა კავშირშია ივანიშვილი – მარტივად ახსნილი

19 მარტი, 2021 • 10336
რა ხდება რაგბის კავშირში და რა კავშირშია ივანიშვილი – მარტივად ახსნილი

„ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი უნდა დავნიშნო, რომელიც გააკონტროლებს ყველა ფინანსს, ყველა შემოსავალი და გასავალი რომ მიზნობრივია, ამას უნდა შევხედო“, – ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილის პირობა სპორტული ფედერაციების დასაფინანსებლად, რის შესახებაც 2014 წელს ისაუბრა…

საქართველოს რაგბის კავშირში, წელიწადზე მეტხანს გაწელილი პროცესის შემდეგ, საპროტესტო დემონსტრაციისა და დაპირისპირების ფონზე, საბოლოოდ აირჩიეს ახალი პრეზიდენტი. ეს ადამიანი იოსებ (სოსო) ტყემალაძეა, — ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი.

ოპონენტების — სარაგბო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მათი ქომაგების — თანახმად, მას „რაგბის ოჯახთან“ არაფერი აკავშირებს. ისინი აცხადებენ, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავდა ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი – ირაკლი აბუსერიძე.

ყოფილი პარლამენტარი ირაკლი აბუსერიძე, — რომელიც ერთ-ერთ ყრილობაზე პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა ლეგიტიმაცია არ მისცა, — თბილისის მერის, კახი კალაძის მეგობარია. მისი თანაგუნდელი მორაგბეები ამ გაწელილ პროცესში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

ზეწოლის განმახორციელებლებად ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და „ოცნებასთან“ დაკავშირებულ სხვა პირებს ასახელებენ, მათ მიღმა კი ბიძინა ივანიშვილის კვალზე მიანიშნებენ. „ნეტგაზეთი“ ამ სტატიით ცდილობს, ნათელი მოჰფინოს რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესებს.

კავშირი პრეზიდენტის გარეშე

საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ-ის) პრეზიდენტის არჩევის პროცესს წელიწადზე მეტია, დაძაბულობა და ხმაური სდევს თან.

პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა. ბოლო პრეზიდენტი 2016 წელს არჩეული გოჩა სვანიძე იყო. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კი პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხერხდა.

სვანიძემ პოსტი 2020 წლის ივლისში დატოვა — კორუფციაზე ბრალდებების ფონზე. ის დროებით ჩაანაცვლა გიორგი გორგასლიძემ, — სრკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა 2008 წლიდან — თუმცა პოსტი სულ რაღაც 10 დღეში დატოვა.

ამის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს უფროსი, თორნიკე გოგებაშვილი.

2020 წლის შეუმდგარი არჩევნები

მორიგი არჩევნები თავდაპირველად 2020 წლის 30 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის, ანუ ხმათა საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო, გადაიდო.

ამ არჩევნებში კენჭს კვლავ იყრიდა ბოლო პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე.

მის წინააღმდეგ იბრძოდა ვეტერანი მორაგბე და პარლამენტარი (2016-2020 წლების, IX მოწვევის პარლამენტის წევრი), ირაკლი აბუსერიძე.

მესამე კანდიდატი კი ბაჩო ხურციძე იყო, — ამავე გაერთიანების მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი.

არჩევნების ჩაშლის შემდეგ, კენჭისყრა მხოლოდ წლის ბოლოს, 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა.

თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ, პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ დელეგატები, რომლებიც სარაგბო კლუბებს წარმოადგენენ.

30 დეკემბერს, იმ დარჩენილმა დელეგატებმა, ვინც ხურციძის ბოიკოტს არ შეუერთდა, პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს.

ირაკლი აბუსერიძე – არალეგიტიმური პრეზიდენტი?

აქედან ერთ კვირაში, 2021 წლის 6 იანვარს, — როგორც პროცედურა მოითხოვს, — ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად.

თუმცა საჯარო რეესტრმა ის პროცედურული დარღვევების არსებობის საფუძვლით არ დაარეგისტრირა. კერძოდ, რეესტრი მიუთითებდა, რომ:

  • 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების სტატუსი იყო არა „მორიგი არჩევნები“, არამედ „განმეორებითი არჩევნები“, მაშინ, როდესაც სრკ-ის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუკი ის პირველი კრების გამართვიდან 30 დღეში ჩატარდება, — ის კრება კი, სადაც აბუსერიძე პრეზიდენტად აირჩიეს, 10 თვის შემდეგ ჩატარდა;
  • საქმე ისაა, რომ „მორიგ კრებას“ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს: თუკი მის ჩატარებას ნამდვილ წევრთა 2/3 მაინც უნდა ესწრებოდეს, განმეორებითი წესით, მხოლოდ ნახევარიც — ანუ უფრო ნაკლებიც — საკმარისია;

აბუსერიძემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა — მისი პოზიციით, საჯარო რეესტრმა სასამართლოს ფუნქცია უკანონოდ შეითავსა; მისმა მხარდამჭერებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს იუსტიციის სახლთან, თუმცა მას საბოლოოდ უარი ეთქვა პრეზიდენტად რეგისტრაციაზე. აბუსერიძე სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და სასამართლოს მიმართავს.

კობახიძის მამა, მინისტრი და რაგბის კავშირის გამგეობა

ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ის სრგ-ის გამგეობის ახალ წევრებსაც წარადგენს ხოლმე. აბუსერიძეც ასე მოიქცა, თუმცა რეესტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, არც აბუსერიძის წარდგენილი გამგეობის შემადგენლობა დამტკიცებულა.

ძალაში დარჩა წინა გამგეობა, რომელმაც მორიგი არჩევნების თარიღად 2021 წლის 24 თებერვალი ჩანიშნა. ამ 12-წევრიანი გამგეობის წევრებს შორის იყვნენ:

  • გიორგი (გია) კობახიძე — „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამა;
  • ალექსანდრე გრიგალავა — მარტვილის მერი;
  • ერეკლე ტრიპოლსკი — ყოფილი პარლამენტარი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი;
  • ლევან ვასაძე — ცნობილი ანტი-ლიბერალი ბიზნესმენი;
    • [აღსანიშნავია, რომ ბოლო კრებებზე ტრიპოლსკის ალექსანრე გრიგალავა, ხოლო ვასაძეს გაიოზ მონიავა წარმოადგენდა]

„კობახიძის მამა არის ჩარეული მთელი სიძლიერით ამ პროცესებში. კობახიძის მამის გუნდი, ძველი გამგეობის წევრები, — ტრიპოლსკი, მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგავალა, გაიოზ მონიავა, — სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად ეხმარებიან ბაჩო ხურციძეს,“, – ეუბნებოდა „ნეტგაზეთს“ ირაკლი აბუსერიძის გუნდის წარმომადგენელი სიმონ მაისურაძე იმ პერიოდში, როდესაც საჯარო რეესტრი პრეზიდენტად აბუსერიძის დარეგისტრირების საკითხს განიხილავდა.

„30 დეკემბრის არჩევნებზე იყო ზეწოლა მუნიციპალურ გუნდებზე. დელეგატები არ გამოუშვეს, დააშანტაჟეს, — ზოგი თანხის შეწყვეტით, ზოგიც შვილების დაჭერით, პირობითი მსჯავრის „გაცოცხლებით“, პირადი ცხოვრების კადრების დადებით და ა.შ.. ზეწოლა იყო გუბერნატორებისგან… ისინი პირდაპირ ემორჩილებიან სახელმწიფო მეთაურს“, – ამბობდა ამავე პერიოდში ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხაძე, აბუსერიძის გუნდის კიდევ ერთი წევრი.

აბუსერიძის გუნდის წევრები მიუთითებენ სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მხრიდან პროცესებში ჩარევაზე: „ჩხენკელი პირად დირექტივებს იძლეოდა. ჩვენ ახლა რაგბის კავშირში გვყავს სახელმწიფოდან მოსული პირი, რომელიც ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, სანამ ახალი დაინიშნებოდა — თორნიკე გოგებაშვილი. ის გამოუშვა ჩხენკელის უწყებამ, — ჩხენკელმა და მისმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ, რომელიც სპორტს კურირებს“…

ბაჩო ხურციძე: „უხერხულია“

ხურციძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ ყველაფერს დაუსაბუთებელ ბრალდებებს უწოდებდა; ამბობდა, რომ აბუსერიძე მცირე ხნის წინ თავად იყო მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი და მისი მხრიდან ამ ბრალდებების წაყენება „უხერხულია“.

„მაგათ [აბუსერიძის მხარეს] შეეძლოთ დაესახელებინათ 100 კაცი, მაგრამ უნდა დაასაბუთონ, რა სახით ხდებოდა ზეწოლა. ირაკლი ტრიპოლსკი, როგორც ვიცი, ბოლო 10 გამგეობაზე არ ყოფილა, — მინდობილობით იყო. რაც შეეხება გრიგალავას და კობახიძეს, — უკაცრავად, მაგრამ ირაკლი ტრიპოლსკიც და გია კობახიძის შვილიც ირაკლის [აბუსერიძის] კოლეგები [პარლამენტარები] იყვნენ სულ რაღაც 2 თვის წინ. ანუ მისი კოლეგები ახორციელებდნენ ზეწოლას მის წინააღმდეგ“? – ბაჩო ხურციძე.

„დაადოს ხელი! ეს უნდა გააჟღეროს აბუსერიძემ. არადა, ასეთ ბრალდებებს აჟღერებენ მისი გუნდის წევრები. თვითონ თქვას! ასე შეიძლება ყველაზე თქვა. ძალიან უხერხულია ეს განცხადებები… კონსპირაციის თეორიას ავითარებენ: რეესტრი თურმე მიკერძოებულია, სასამართლო რომ უარს ეტყვის 3 წლის მერე, მაგაზე იტყვიან, სასამართლოში ჩაერივნენო“, – გვითხრა ხურციძემ.

ირაკლი აბუსერიძე თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის მეგობარია. კალაძის, — ყოფილი ფეხბურთელის — სახელს დიდი ხანია უკავშირებენ ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს.

მედიაში 2020 წლის არჩევნების დროიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აბუსერიძის კანდიდატურას კალაძე ლობირებდა, თუმცა აბუსერიძემ ამას ჭორაობა უწოდა და თქვა:

„არ უყვარს ამ ადამიანს რაგბის ბურთი, ხუმრობით ვიტყვი, — და შეეშვით… გაქვთ მტკიცებულება რომ კახა კალაძე ლობირებს ჩემს კანდიდატურას?“

საბოლოოდ, აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირეს; შესაბამისად, სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ მიენიჭა არც მის წარდგენილ გამგეობას. წინა გამგეობამ კი მორიგი არჩევნები 2021 წლის 24 თებერვლისთვის ჩანიშნა.

ახალი პრეზიდენტი – ძლიერი პროტესტის ფონზე

ახალ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად უკვე სულ სხვა აქტორი — ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი ბიზნესმენი, სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო — კენჭისყრაში მონაწილეობა არც გოჩა სვანიძემ მიიღო, არც ბაჩო ხურციძემ და არც ირაკლი აბუსერიძემ. თუმცა ეს არჩევნებიც კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.

„ხურციძემ რომ ვერ გაამართლა, გასწიეს გვერდზე ისე, რომ არც მადლობა უთხრეს და არც არაფერი. და მოიყვანეს ტყემალაძე, რომ აირჩიონ პრეზიდენტად“, – უთხრა კენჭისყრის პარალელურად „ნეგაზეთს“ სიმონ მაისურაძემ, ვეტერანმა მორაგბემ და რაგბის კავშირის თანამშრომელმა, რომელიც აბუსერიძეს უჭერს მხარს.

საბოლოოდ, კენჭისყრა 2021 წლის 10 მარტს, წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ ერთ-ერთ პავილიონში გაიმართა — განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე. ადგილზე ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, — მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები თუ უბრალოდ სხვა მხარდამჭერები, — „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში შეიკრიბნენ, მათი პოზიციით, არალეგიტიმური არჩევნების გასაპროტესტებლად.

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეზოში სოსო ტყემალაძე და მისი მხარდამჭერები გამოჩნდნენ. როცა ტყემალაძე და მისი თანმხლები პირები საარჩევნო შენობას მიუახლოვდნენ, ფიზიკური დაპირისპირებაც დაიწყო.

დაპირისპირება თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, — დემონსტრანტები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონი გაერღვიათ, შენობაში შესულიყვნენ, რასაც, სავარაუდოდ, არჩევნების ჩაშლა მოჰყვებოდა, პოლიციელები კი წინააღმდეგობას უწევდნენ მათ.

გაწევ-გამოწევისა და რამდენიმე პირის მსუბუქად დაშავების ფონზე, საბოლოოდ, ვეტერანი მორაგბის, ბობა კვინიხაძის მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტებმა უკან დაიხიეს და შემდეგ მთლიანად დატოვეს საარჩევნო შენობის მიმდებარე ტერიტორია.

ხმაურიანი პროტესტის ფონზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტად მაინც აირჩიეს სოსო ტყემალაძე [აღსანიშნავია, რომ არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე, 16 მარტს, რაგბის კავშირის წარმომადგენლობამ საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით ტყემალაძის რეგისტრაციის თაობაზე, რაც დროებით დახარვეზდა, თუმცა საბოლოოდ, 18 მარტს, რაგბის კავშირმა განახლებული ინფორმაცია წარადგინა, რის შემდეგაც ტყემალაძე უკვე ოფიციალურად იკავებს პრეზიდენტის პოსტს].

„20 ხმა წაიღეს“

აბუსერიძის მხარდამჭერი, აქციების ერთ-ერთი სპიკერი სიმონ მაისურაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ სოსო ტყემალაძე „დე ფაქტო არჩევნებზე აირჩიეს პრეზიდენტად“, ამის შესაძლებლობა კი დელეგატების ხმების უკანონო მეთოდებით დაუფლებით მოახერხეს:

„კლუბ „არმიის“ პრეზიდენტი, რომელიც ირაკლი აბუსერიძეს აძლევდა ხმას, გადააყენეს პრეზიდენტობიდან და დღეს სხვა ადამიანი იყო მოსული, ვინც ხმა მისცა სოსო ტყემალაძეს; გადატეხეს „ყაზბეგი“ და „ქედა“… 20 ხმა წაიღეს სულ. და ამ პროცესში სისტემა მთლიანად იყო ჩართული“.

კითხვაზე, რა პროცესს გულისხმობს და კონკრეტულად რომელ კლუბები და როგორ აიძულეს, ის ამბობს:

„იყო მუქარა, მაგალითად, მუნიციპალურ გუნდებს დაფინანსებას შეგიწყვეტთ, ფინანსურ პოლიციას შემოვიყვანთ და დარღვევებს ამოგიგდებთო… ბევრი კლუბი არ ლაპარაკობს, მაგრამ გადახედეთ, 20 ხმა წაიღეს. ეს 20 ხმა წაიღეს სწორედ ასე, მუქარით. მაგალითად, „არმია“ და „ყაზბეგი“, ქედას „ფირალები“…

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი

ახალი პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე ბიზნესმენია და, როგორც თავადაც დაადასტურა, ჩართულია აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებში, — რაც მილიარდერი ექსპერმიერის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

ბიძინა ივანიშვილი და სოსო ტყემალაძე. აჭარის ტელევიზია.

სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ის, ვის ინტერესებზეც აბუსერიძის მხარდამჭერები მიუთითებდნენ. მაგალითად, ბობა კვინიხაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში თქვა:

„იმხელა პოლიტიკური წონა არა აქვს ამ ხალხს, რომ თავისით მიიღონ ეს უკანონო გადაწყვეტილებები. ზემოდან არის დირექტივა… ეგენი პირდაპირ ემორჩილებიან სახელმწიფო მეთაურს… ეს არის ჰიბრიდული სახელმწიფოს მოდელი… ჩხენკელიც პაიკია ამ ბრძოლაში, ზემოდან ეუბებიან რაც უნდა გააკეთონ“…

კენჭისყრამდე, 18 თებერვალს, ტვ პირველის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი, ტყემალაძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე მასთან არ უსაუბრია და ასევე განაცხადა:

„ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ ეს, მაგრამ მე მგონი, რომ რაგბს რასაც მხარს უჭერს, მაგაზე მეტი მხარდაჭერა აღარ არსებობს“.

ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვალმდე პერიოდიდან იყო დაინტერესებული რაგბით და მსხვილი ინვესტიციები აქვს ამ სპორტში ჩადებული. რაგბის კავშირიც არ ერიდება მადლიერების გამოხატვას. 2020 წლის 18 თებერვალს, — სვანიძის პრეზიდენტობისას და წინა გამგეობის ფუნქციონირებისას, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, — რაგბის კავშირმა 64-ე დაბადების დღე ასეთი სიტყვებით მიულოცა ბიძინა ივანიშვილს:

„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ივანიშვილი 2014 წელს დააჯილდოვა. IRB-მა „განვითარების ჯილდოს“ ფარგლებში 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ექსპრემიერის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის ააშენა საწვრთნელი ცენტრები და სტადიონები. ამავე ორგანიზაციის ცნობით, 2008-14 წლებში „ქართუმ“ რაგბიზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა.

ივანიშვილი: „ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი უნდა დავნიშნო“

2014 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოლგა ბაბლუანის გადაცემაში, „მშვიდობა იარაღო“, ბიძინა ივანიშვილმა სპორტული ფედერაციების დაფინანსების პირობა ასე აღწერა:

-„ქართული ფეხბურთის მესვეურებმაც გამოგზავნეს ჩემთან ადრე, — 10 წლის წინათ, შეიძლება, — დახმარებაზე, ჩემი დის შვილი, რომელსაც უყვარს ძალიან ფეხბურთი. იმათაც გავუგზავნე ასეთივე შეთავაზება, პირველ 3 წელიწადში 100 მლნ-ს მოგცემთ და შემდეგ ვნახოთ როგორ გაგრძელდება, ოღონდაც ერთ კაცს ჩავსვამ მე, რომ ყველა ფინანსი გაკონტროლდეს-მეთქი. ვეღარ გავიკარე ახლოს იმის შემდეგ“, – თქვა ივანიშვილმა.

-„თქვენ მოითხოვეთ ფინანსების გაკონტროლება“? – ჰკითხა წამყვანმა.

-„აბა, როგორ“? – უპასუხა ივანიშვილმა.

-„მხოლოდ თქვენი ფინანსების“?

-„არა, არა, სხვა დაფინანსების გაკონტროლებაც, რომ მიზნობრივად იხარჯება ყველაფერი. სათოფეზე ვეღარ გავიკარე, საბოლოო ჯამში დავანებე თავი და რაგბს დავუწყე შემდეგ დახმარება“…

-„ვინც დაგანებათ, რომ ჩაგესვათ ადამიანი, ვინც ამას ნახავდა, ხო, ალბათ“?

„ხო, ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი უნდა დავნიშნო, რომელიც გააკონტროლებს ყველა ფინანსს, ყველა შემოსავალი და გასავალი რომ მიზნობრივია, ამას უნდა შევხედო“…

„მარტო [ივანიშვილის] ფაქტორი არ არის“

10 მარტს, კრებაზე არჩევის შემდეგ „ნეგაზეთის“ კითხვას, — როგორ ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილთან მისი კავშირები რომ არა, აირჩევდნენ თუ არა პრეზიდენტად, — სოსო ტყემალაძემ უპასუხა, რომ „მარტო ეს ერთი ფაქტორი არ არის“:

„კარგი კითხვა იყო ძალიან… არა მარტო ბიძინა ივანიშვილთან, ასე ვიტყოდი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ბიზნესსექტორიდან, სარაგბო სამყაროდან, — ახლა ამხელა ხალხს რომ უყურებთ, აქ 42 დელეგატი იდგა, იმათ 500-500 ბავშვი ჰყავთ და იციან, რა ნაბიჯს დგამენ — და მათ შორის მთვრობის წევრებთან, გავლენიან ადამიანებთან, ბიზნესმენებთან… ამ იმედით მოვედი, რომ დავძლევთ [გამოწვევებს]. ვერავინ ნახავს 4 წლის განმავლობაში, ერთი კაპიკი ანაზღაურება მივიღო. თუ ჩემს პირადს მივიტან, იმას ისე გავაკეთებ ფორმალურად, რომ არ ყვიროდეს და არც დანაშაული იყოს, რომ ვინმე მოვისყიდე ან რამე ვქენი. ამიტომ, მარტო ეს ერთი ფაქტორი [ივანიშვილი] არ არის“.

„ბრძოლა ახლა იწყება, ოღონდ წესებით“

„რა უნდა გააკეთო? შეხედეთ, რა ხდება. როგორ გინდა, ამ ხალხს ებრძოლო“? – უთხრა „ნეტგაზეთს“ აბუსერიძის გუნდის წარმომადგენელმა, სიმონ მაისურაძემ და კენჭისყრის დასაცავად შეკრებილ ასობით პოლიციელზე მიუთითა.

„მთელი მთავრობა მხარს უჭერს სოსოს. რაგბის სამყარო აქეთ არის, მთავრობა იქეთ. და რაგბის სამყარო ეგეთი ძლიერი არ არის, როგორც მთავრობა. მოგვიგეს ამ ჭიდაობაში. ვერ მოვახერხეთ არჩევნების ჩაშლა“…

„ჩვენ ამერიკის საელჩოს მივმართეთ, ასევე … რაგბის მსოფლიო ფედერაციასაც მივმართავთ, რადგან რაც აქ ხდება, უკანონობის დაკანონებაა, სამარცხვინოა და მივესალმებით, თუ დემოკრატიული კუთხით წავა არჩევნები… ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ ტყემალაძის არჩევის შემდეგ.

ამ მარცხის მიუხედავად, აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები დანებებას არ გეგმავენ: ისინი არ გამორიცხავენ, მიმართონ პროტესტის ისეთ ფორმებს, როგორიცაა, სარაგბო ჩემპიონატის დაპაუზება, ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა.

„კიდევ მეოთხე პუნქტია, რომელსაც ჯერ ვერ გავაჟღერებთ“, – განაცხადა ბობა კვინიხაძემ ბოლო ბრიფინგზე, სადაც თქვა, რომ „ბრძოლა იწყება, ოღონდ წესებით, — ჩვენ არ ვაპირებთ ჩარჩოებიდან გასვლას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი