ახალი ამბები

რაზე ისაუბრა გახარიამ ბიზნესთან შეხვედრაზე

8 თებერვალი, 2021 • 680
რაზე ისაუბრა გახარიამ ბიზნესთან შეხვედრაზე

ეკონომიკის გახსნა, სტრუქტურული რეფორმები და პრივატიზაცია, ეს ის საკითხებია, რაც “თიბისი” ბანკის გენერალური დირექოტირის, ვახტან ბუცხრიკიძის თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს. როგორც ბუცხრიკიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავრობის გეგმით ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი ზაფხულის დასაწყისს სრულად აღდგენილი უნდა შეხვედეს.

“საუბარი იყო ორ ძირითად მიმართულებაზე. მოკლევადიან [პერსპექტივაში] კორონავირუსის კუთხით რა პრობლემებია და, მოგეხსენებათ, ეს არის ძირითადად ბიზნესის გახსნის საკითხი, ანუ მოკლე ვადაში როგორ შეიძლება ბიზნესი გაიხსნას. მიზანი არის, რომ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, ფაქტობრივად, ყველა ბიზნესი იყოს გახსნილი. შემდეგ, უფრო საშუალო და გრძელ ვადაში, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, რისი პრივატიზაცია შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს, რომ ეკონომიკას უფრო მეტი პოტენციალი [ჰქონდეს]”,-აცხადებს ბუცხრიკიძე.

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის მსხვილი დამსაქმებლები ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ე.წ. კომენდანტის საათსაც, რომელიც ქვეყანაში უკვე მეოთხე თვეა მოქმედებს. როგორც IG დეველოპმენტის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ რამდენიმე კვირაში მთავრობა გადახედავს ამ შეზღუდვას:

“კომენდანტის საათზე საუბარი იყო. [საუბარი შეეხებოდა] გადაწევას ერთი ან ორი საათით მაინც. ამაზე დაპირება მივიღეთ, რომ დავაკვირდებით მაქსიმუმ 1-2 კვირის მანძილზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამას გარდა, საუბარი იყო, ასევე, სხვა დარჩენილი ბიზნესები, მაგალითად, ბავშვთა გასართობი ცენრები, ფიტნეს კლუბები, რესტორნები, რაც შეიძლება მალე [გაიხსნას]. ხვდებით, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. თუ ვინმე არის დაზარალებული დღევანდელი სიტუაციით, ჩვენი კომპანიაა. მოლები.. ორი უზარმაზარი ინფრასტრუქტურაა, აქედან გამომდინარე, გესმით, ალბათ, რომ თანამშრომლების შენახვა, ასევე ამხელა გადასახადები, მაგრამ ვაცნობიერებთ რეალობას და იმას, რომ არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე თამაში.”

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა. მათი ცნობით, გახარიამ ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით, ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, და დამატებითი ჟანგბადი შესძინოს ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

„ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია გლობალურად შექმნილი ვითარებით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასთან. ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი