ახალი ამბებირეკლამა

სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა თსუ-ში

8 თებერვალი, 2021 • 904
სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაციით და გამოფენით გახსნა.

ალბომში, რომელიც სვიმონ კლდიაშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა, ხუროთმოძღვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, არქიტექტურული მემკვიდრეობა (ნახაზები, განხორციელებული პროექტების ძველი და ახალი ფოტომასალა), ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად 1902-1910 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტებია (კროკები, ანაზომები, ძველი და ახალი ფოტოები) შესული. ალბომის ავტორები არიან თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, მკვლევრები სალომე ჭანტურიძე და მარიამ გურგენიძე.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის 103-ე წლისთავთან დაკავშირებული კვირეული მისი ხუროთმოძღვრის ალბომის პრეზენტაციით დაიწყო  კვირეულის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.

„სვიმონ კლდიაშვილი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო და მის მიერ დატოვებული არაერთი ძეგლი დღემდე საამაყოა თბილისში და ყველა სხვა ქალაქში, სადაც ის მოღვაწეობდა. სასიხარულოა, რომ მისი დაბადებიდან 155 წლისთავზე უნივერსიტეტმა პარტნიორებთან ერთად შეძლო და ძალიან კარგი ალბომი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესო იქნება,“ – განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ალბომი „სვიმონ კლდიაშვილი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი განხორციელდა. „სვიმონ კლდიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის და ბევრი სხვა შენობის პროექტირებით თავისი დიდი კვალი დატოვა ჩვენს ქალაქში. სასიხარულოა, რომ ეს ალბომი გამოიცა და ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს რამდენად მასშტაბურია მისი კვალი დედაქალაქში,“ – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც ალბომის „სვიმონ კლდიაშვილი“ ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, გამოცემა მონოგრაფიული ხასიათისაა და მკითხველს დიდი საზოგადო მოღვაწისა და არქიტექტორის შესახებ თვალსაჩინო წარმოდგენას უქმნის. „ალბომში დაბეჭდილია თითქმის ყველა ის ნამუშევარი, რომელიც შემორჩა  არქივებში, ხელნაწერთა ცენტრში, ეროვნულ მუზეუმში და რომლის ავტორი არის სვიმონ კლდიაშვილი, ცნობილი არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე,“ – განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის მიერ ერთი საუკუნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნები და ასევე, ფოტომასალა გამოიფინა, რომელიც ხუროთმოძღვრის არქიტექტურულ ნამუშევრებს ასახავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი