ახალი ამბები

ელდარ გოგოლაძე ვუდროფის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

5 თებერვალი, 2021 • 2145
ელდარ გოგოლაძე ვუდროფის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

“ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ “მთავარ არხს” ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ინტერვიუ მისცა, პროკურატურაში დაიბარეს 1993 წელს საქართველოში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე.

გოგოლაძე ამბობს, რომ ვუდროფის საქმეზე დიდი ხნის წინ ჩატარებულმა გამოძიებამ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა და ახლა პროკურატურის მიერ დაბარებას ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას უკავშირებს.

“ვიცოდი, რომ დამიძახებდნენ. გამოძიება [ვუდროფის საქმეზე] დამთავრებულია, უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა დამნაშავე პირი, პარალელური გამოძიება ჩატარებული აქვს გამოძიების ფედერალურ ბიუროს. მთელი ექსპერტიზები ამერიკელების გაკეთებულია… დაბარების მიზანს რაც შეეხება, გააჩნია, რომელი გზით ივლიან”, – განუცხადა გოგოლაძემ “მთავარ არხს”.

გოგოლაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან მის დისკრედიტაციას და დაშინებას ცდილობს, ან შესაძლოა, ვუდროფის საქმის დანარჩენი ორი მოწმე მოისყიდა და ჩვენებები შეცვალეს.

“ეს მისი სტილია — მიეცით ერთი მილიონი. ცოტაა?! მიეცით ორი, ხუთი მიეცით და შეაცვლევინეთ ჩვენება, დააწერინეთ , რომ აიძულეს, ზემოქმედება მოახდინეს… ამ შემთხვევაში გამიშვებენ ციხეში”, – ამბობს გოგოლაძე.

პროკურატურაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ვუდროფის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანი გამოიკითხა და ელდარ გოგოლაძე საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული.

გოგოლაძის ინტერვიუ

ინტერვიუ, რომელსაც გოგოლაძე ვუდროფის საქმის გამოძიების განახლებას უკავშირებს, “მთავარი არხის” ეთერში 2020 წლის 25 ოქტომბერს გავიდა. ინტერვიუში გოგოლაძე ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე და გამდიდრებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ივანიშვილი პირველად პოლიტიკაში მოსვლას 2003 წლის დეკემბერში, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ შეეცადა. ასევე, გოგოლაძის თქმით, ივანიშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვაც სურდა, თუმცა ამას რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გოგოლაძე “ცნობილი “კაგებეშნიკია” (კგბ — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ), რომლის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

“ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან, KGB-ის მაღალჩინოსანი. ანუ რუსულ რესურსს იყენებს ამ შემთხვევაში ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული საქართველოში რუსული საქმის კეთებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ინტერვიუს ავტორი და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც. მისი თქმით, ელდარ გოგოლაძე  უშიშროების სამსახურებში 1997 წლამდე მუშაობდა, თუმცა გაუგებარია, თუ მკვლელი და KGB-ის აგენტია, რატომ აიყვანა ბიძინა ივანიშვილმა სამსახურში.

ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” პიარს კურირებს, “მთავარი არხის” ეთერში გასული ინტერვიუს შემდეგ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ გოგოლაძეს — გუანტანამო, გვარამიას კი გლდანის ციხე არ ასცდებოდათ.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ნაცვლიშვილის განცხადება “არ იყო მუქარა” და “არსებობს გარკვეული ეჭვები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩადენის კუთხით”.

ვუდროფის საქმე

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ჯაშუში ფრედი ვუდროფი საქართველოში 1993 წლის 8 აგვისტოს მოკლეს, როდესაც ქალაქგარეთ გასეირნების შემდეგ ავტომობილი “ნივით” ბრუნდებოდა თბილისში. მანქანაში თან ახლდა ელდარ გოგოლაძე, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი იყო, და ორი ქალი, რომელთაგან ერთ-ერთიც, ადვოკატის თანახმად, რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა.

გამოძიების თანახმად, ვუდროფი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა მისი ოჯახის ადვოკატის მიერ ახლად გამოცემული წიგნი ამბობს, რომ ადამიანი, ვინც ვუდროფის მკვლელობისთვის გაასამართლეს, უდანაშაულოა, მკვლელობის უკან კი რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

1994 წელს გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც ანზორ შარმაიძეს, 19 წლის ჯარისკაცს, 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შარმაიძე 2008 წელს გამოვიდა პატიმრობიდან.

ვუდროფი 1992-93 წლების მიჯნაზე ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების გასაწვრთნელად. ადვოკატის თანახმად, ეს იყო აშშ-ის სპეცსამსახურების პირველი მსგავსი მისია ყოფილ საბჭოთა კავშირში. საქართველოში ამ დროს არეულობა იყო;  მის თანახმადვე, CIA-ის ქვეყანა მონიშნული ჰქონდა ნარკოტრაფიკის გზაზე ერთ-ერთ მთავარ კვანძად.

ვუდროფის საქმეზე ვრცლად:

მოკლა თუ არა რუსეთმა აშშ-ის ჯაშუში საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი