ახალი ამბები

დიმიტრი ლორთქიფანიძე “კარტოგრაფების საქმეზე” მოწმედ იკითხება

4 თებერვალი, 2021 • 1896
დიმიტრი ლორთქიფანიძე “კარტოგრაფების საქმეზე” მოწმედ იკითხება

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჩვენებას აძლევს.

როგორც ლორთქიფანიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ის დავითგარეჯის საკითხს წლების განმავლობაში იკვლევდა და 2020 წლის 21 ოქტომბერს Facebook-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა 2005 წელს მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით-საპროექტო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ, რაც მისი აზრით, შემხებლობაშია გარეჯის მიმართულებით საზღვრის დადგენასთან, ვინაიდან ამ ინსტიტუტში შესაძლოა, ყოფილიყო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიისთვის უნიკალური მასალები. დიმიტრი ლორქთიფანიძე ამბობს, რომ ინსტიტუტის ინჟინერი ზურაბ ბოჭორიშვილი 2007 წელს თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს და ჰკითხეს, სად ინახებოდა საარქივო მასალები, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის უშუალო მითითებით მოხდა დოკუმენტების გატანა და განადგურება.

ლორთქიფანიძე გამოკითხვაზე დაბარებას სწორედ აღნიშნულ ვიდეოს უკავშირებს და ამბობს, რომ მის მიერ ჩართვაში ნახსენები პირების უმრავლესობა დაკითხულია და, ბუნებრივია, პროკურატურა ავტორითაც დაინტერესდა. პირდაპირ ჩართვაში ლორთქიფანიძემ თავად მიმართა პროკურატურას და საკითხით დაინტერესებას სთხოვა.

“მე 2012 წლიდან ვაწარმოებდი პირად მოკვლევას და არაერთი ვიდეო დევს “ფეისბუქში” ჩემს გვერდზე, თუ როგორ მივყვებოდი ნაბიჯ-ნაბიჯ დავითგარეჯთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლას. 2020 წელს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები გახდა ცნობილი, მათ შორის, საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი საპროექტო ინსტიტუტთან დაკავშირებით, რომელიც 2005 წელს გაუქმდა და ყველა ის გარემოება, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ინსტიტუტის დაკეტვას, რაც თავის მხრივ, შემხებლობაშია გარეჯის სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, მე ასახული მაქვს სწორედ იმ პირდაპირ ჩართვაში, რომელიც დევს ჩემს გვერდზე “ფეისბუქში”. იქ ასახულია ის საცავები, არქივები, სადაც ინახებოდა უნიკალური რუკები, რომლებიც 2007 წელს გარკვეულ გარემოებებში გატანილი და განადგურებული იქნა. ამ გარემოებებთან დაკავშირებული წიაღსვლა მოცემულია ვიდეოში და დასახელებული არიან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები. როგორც ჩანს, გამოძიებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ამ გარემოებების შესწავლის მიზნით დაეკითხა ჩემ მიერ დასახელებული პირები”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

“ფეისბუქზე” გასულ ლაივში, რომელზეც ლორთქიფანიძე საუბრობს, იგი იმყოფება დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს შენობაში, რომელშიც მანამდე მიწათმოწყობის საპროექტო კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობდა, და ამბობს, რომ ივერი მელაშვილი სწორედ აღნიშნულ ინსტიტუტში მუშაობდა, სანამ მსოფლიო ბანკის პროექტში გადავიდოდა.

ვისაც არ გინახავთ, გოხოვთ, იხილოთ და გააანალიზოთ!

Posted by დიმიტრი ლორთქიფანიძე on Wednesday, 3 February 2021

ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის აზრით, დიმიტრი ლორთქიფანიძის ჩართვა საქმეში ადასტურებს რუსულ ინტერესს.

“დიმიტრი ლორთქიფანიძე არის საქართველოში პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელი. ჩვენ ამ პროცესში რუსულ ინტერესზე ვლაპარაკობდით და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რუსული ძალები როგორ არიან დარაზმულები როგორც კამპანიის წარმოების, ისე აზერბაიჯანის და ქართულ მხარეს შორის კონფლიქტის გაღვივების კუთხით”, – ამბობს მშვენიერაძე.


საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას “უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების” საქმეზე, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის  სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას ეხება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი