ახალი ამბები

ლორთქიფანიძე: საქართველოდან 40-კაციანი დელეგაცია მიდის რუსეთში ფესტივალზე

7 თებერვალი, 2024 • 11924
ლორთქიფანიძე: საქართველოდან 40-კაციანი დელეგაცია მიდის რუსეთში ფესტივალზე

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, საქართველოდან 40-კაციანი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც მარტის დასაწყისში სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე (სოჭში) გაიმართება.

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრა.

„დიახ, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მიდის დელეგაცია საქართველოდან, უკვე ჩამოყალიბებულია 40-კაციანი შემადგენლობა. დელეგაციაში შედიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მათ შორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე — ავტორი წიგნისა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც დამატებითი ლიტერატურა, გამოიყენება“, — განაცხადა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ დელეგაციაში, ასევე, შედიან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები სპორტულ აკრობატიკაში.

დელეგაციას თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

„მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალი სოჭში ხომ ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებაა — აქტუალური პრობლემების განხილვისა და მშვიდობის მიღწევის პლატფორმა“, — ამბობს იგი.

ახალგაზრდობის ფესტივალი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, მიმდინარე წლის 1-7 მარტს ტარდება და მის დეკლარირებულ მიზანს საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. რუსული მედიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 20 000 ახალგაზრდა ლიდერი განათლების, მეცნიერების, საერთაშორისო თანამშრომლობის, კულტურის, ქველმოქმედების, სპორტის, ბიზნესისა და მედიის სფეროებში.

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია. ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი 2013 წლის ივლისში, გორჩაკოვის ფონდისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (თბილისი) დახმარებით დაარსდა. გორჩაკოვის ფონდი, თავის მხრივ, 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

 

გარეკანის ფოტო: ვლადიმერ პუტინი მონაწილეობს XIX ახალგაზრდობის ფესტივალში 2017 წელს, „კომერსანტი“

მასალების გადაბეჭდვის წესი