ახალი ამბები

სესხის პროცენტის სუბსიდირება კერძო ბაღებსა და სპორტის ობიექტებსაც შეეხებათ – გახარია

4 თებერვალი, 2021 • 698
სესხის პროცენტის სუბსიდირება კერძო ბაღებსა და სპორტის ობიექტებსაც შეეხებათ – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების თხოვნით მთავრობას დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მიმართა, საიდანაც განაცხადი 420-ს დაუკმაყოფილდა. პრემიერის თქმითვე, დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, პროგრამის მოთხოვნები ისე შემსუბუქდეს, რომ დანარჩენ კვების ოქბიექტებსაც პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ. სახელმწიფო პროგრამა საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

“დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით”,-აცხადებს გახარია.

გარდა ამისა, სესხის სუბსიდირება, რესტორნების გარდა, სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებს შეეხებათ:

“მივიღებთ გადაწყვეტილება, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80% სუბსიდირება, არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და  ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი