ახალი ამბები

შეიძლება იყოს რეინფიცირების ერთი შემთხვევა, თუმცა დადასტურებული არ არის – გამყრელიძე

3 თებერვალი, 2021 • 886
შეიძლება იყოს რეინფიცირების ერთი შემთხვევა, თუმცა დადასტურებული არ არის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსზე რეინფიცირების 30-მდე საეჭვო შემთხვევა იყო, თუმცა გენეტიკური კვლევის მიხედვით რეინფიცირების დადასტურების მაღალი ალბათობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში არსებობს. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“რეინფიცირების შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი არ არის. საქართველოში ჩვენ დაკვირვების ქვეშ გვქონდა დაახლოებით 30 შემთხვევამდე, იქიდან მოხდა სელექცია და ახლა გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს, სადაც შეიძლება, სავარაუდოდ, იყოს ერთ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება არ დადასტურდეს. ბევრი შემთხვევა უკუგდებული იქნა ჩვენ მიერ, სადაც ეჭვი იყო რეინფიცირებაზე. ახლა ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს კიდევ, მათ შორის, გენეტიკური, რამდენიმე შემთხვევაზე, და ერთზე უფრო იკვეთება, რომ შესაძლებელია იყოს, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი სავარაუდო 3 შემთხვევა იყო და ახალი შტამის არსებობა გენეტიკური კვლევით მხოლოდ 1 შემთხვევაში დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი