ახალი ამბები

კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერსაც გამოაცხადებთ – იოსელიანი წულუკიანს

2 თებერვალი, 2021 • 687
კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერსაც გამოაცხადებთ – იოსელიანი წულუკიანს

„მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტი დეპუტატი, ლევან იოსელიანი, მოუწოდებს თეა წულუკიანს, ნომერი გაასაჯაროოს.

იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის და ელისაშვილი პარლამენტში თავისი გადაწყვეტილებით შემოვიდნენ და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათზე ზეგავლენას მოახდენდა.

„თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერსაც გამოგვიცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც დღეს ამ ეკრანს უყურებს და ელოდება, რომ მათ პრობლემებზე ისაუბრებენ.

კარგი იქნება, თუ ამას მართლა იზამთ იმიტომ, რომ თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი ყველას აქვს. ამიტომ, თუ თქვენი ნომერიც ექნებათ, იქნება მხოლოდ კარგი“, – ამბობს იოსელიანი.


ელისაშვილმა დღეს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თავისი ტელეფონის ნომერი დაასახელა და თქვა, რომ პარლამენტში მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად შევიდა. ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მისი საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მიზანია, სამომავლო არჩევნები აღარ გაყალბდეს.

ამის საპასუხოდ წულუკიანმა ელისაშვილს ასევე დაუსახელა ნომერი, შემდეგ კი თქვა:

„ჩაინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი