ახალი ამბები

კობახიძე: დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა

2 თებერვალი, 2021 • 506
კობახიძე: დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა ამ ნაბიჯს ბულინგის გამო ვერ დგამს.

“ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო დღემდე ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის 51 დეპუტატის განცხადებას განიხილავს, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა. საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი