ახალი ამბები

პროკურატურამ ლაშა არქანიას წამების საქმეზე 5 პირს ბრალი წაუყენა

1 თებერვალი, 2021
პროკურატურამ ლაშა არქანიას წამების საქმეზე 5 პირს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები — რ.ა., ი.ა. და ი.ს. — დააკავა, ხოლო ორი პირის — ხ.ს-ს და კ.კ-ს — მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

საქმე ეხება 2011 წელს ლაშა არქანიას დაკავებისა და წამების საქმეს. სტრასბურგის სასამართლომ 2020 წლის 25 ივნისს დაადგინა, რომ უკანონო დაკავების პერიოდში მომჩივანი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ხოლო სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ფაქტზე ეფექტიანი გამოძიება. საქართველოში გამოძიება ამ დრომდე გრძელდებოდა.

“შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლაშა არქანიას შესაძლებელია ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვ.ა-მ, შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ რ.ა-მ და შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ხ.ს-მ 2011 წლის 14 ივნისს  წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლაშა არქანია.

წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე  და ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ავტომანქანაში სცემდნენ დაკავებულს  და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლაშა არქანიას ავტომატის ლულა ჩაუდო პირში”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის თანახმად, ზემოთ ხსენებულმა პირებმა დაკავებული მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებული მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმართ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, გააკავეს  და ანთებულ სიგარეტს  ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით ადებდნენ სხეულზე.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა არქანა მათ კითხვაზე პასუხობდა, რომ ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაკავებული გადაიყვანეს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფაში  წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი.ს,  შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი კ.კ და შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი.ა. ჩაერთნენ

“დაკავებულს სამართალდამცავები კვლავ სთხოვდნენ ძებნილის ადგილსამყოფელის დასახელებას. ამასთან, მოსთხოვეს, რომ დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში  განახორციელეს ტერორისტული აქტი. სასურველი ინფორმაციის ვერმიღების გამო, უკანონოდ დაკავებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოსდა მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ლაშა არქანიას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ი.ა-მ დაკავებულს წარუდგინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც მიუთითა, რომ 2011 წლის 15 ივნისს,  თითქოსდა ლაშა არქანიას დაკავებისას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ლაშა არქანიამ მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ამის შემდეგ იგი მიიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც კვლავ სცემეს და დაწვის სიმულაციის მიზნით აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას.

ლაშა არქანიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად 2013 წლის 16 იანვარს  გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი