ახალი ამბები

“შინაგანი რწმენა დამეხმარა” – 88 წლის კაცი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა

1 თებერვალი, 2021 • 1051
“შინაგანი რწმენა დამეხმარა” – 88 წლის კაცი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა

20-დღიანი მკურნალობის შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის მკვიდრმა, 88 წლის ელგუჯა მჭედლიძემ COVID-19 დაამარცხა. ამჟამად ის სახლშია და დასძენს, რომ ვირუსთან ბრძოლისას, დროულ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, შინაგანი რწმენაც დაეხმარა.

ელგუჯა მჭედლიძეს COVID-19-ის პირველი სიმპტომები ახალ წელს, პირველ იანვარს გამოუვლინდა. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის შემდედაც კლინიკაში გადაიყვანეს და ტესტი გაუკეთეს. კლინიკა “ფერომედის” დატოვება თითქმის 3-კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეძლო.

” მომსახურება იყო საუკეთესოზე საუკეთესო. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი ყოველ წუთში. ხანდახან ტემპერატურა მქონდა. არ იყო მაინცდამაინც რთული. 24-ბალიან შკალაზე ფილტვების დაზიანება იყო 6.

ვსუნთქავდი ჟანგბადით. ჰაერის უკმარისობას ყოველთვის ვგრძნობ, ბავშვობიდან, მხოლოდ ახლა არა. ჟანგბადი მუდმივად მქონდა საავადმყოფოში”, – ეუბნება ელგუჯა მჭედლიძე “ნეტგაზეთს” და მადლობას უთვლის ექიმებს, რომლებიც მის მკურნალობაში იყვნენ ჩართულნი.

კითხვას, რა ეხმარებოდა მთელი იმ ხნის განმავლობაში ვირუსის თანმდევ სირთულეებთან გასამკლავებლად, ასე პასუხობს:

“ალბათ, შინაგანი რწმენა. ყოველთვის ამას ვცდილობდი. ავადმყოფობას უნდა შეებრძოლო შენ თვითონ, თორემ მარტო წამალი არაფერს გიშველის.

…ჩემი ასაკის ადამიანებისათვის რთულია ძალიან, მაგრამ მე იმდენი სირთულე არ განმიცდია. ვურჩევ, ძალიან მოერიდონ, ძალიან ფრთხილად იყვნენ. არ არის ყველა ერთნაირი ფიზიკური აღნაგობის”.

ოჯახისთვის ელგუჯა მჭედლიძის დაინფიცირების წყარო უცნობია. მისი შვილის, ნათია მჭედლიძის თქმით, რომელიც მშობლებთან საახალწლოდ ჩავიდა, მამის ჰოსპიტალიზებიდან რამდენიმე დღეში თავადაც გამოუვლინდა სიმპტომები და კოვიდიც დაუდასტურდა, თუმცა ვირუსი იოლ ფორმებში, ბინაზე მკურნალობის პირობებში გადაიტანა.

ამჟამად ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი