ახალი ამბები

ისრაელში აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 0.04 % დაინფიცირდა კორონავირუსით | ჯანდაცვის სამინისტრო

1 თებერვალი, 2021 • 1986
ისრაელში აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 0.04 % დაინფიცირდა კორონავირუსით | ჯანდაცვის სამინისტრო

ისრაელში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 0.04 პროცენტი დაინფიცირდა ვირუსით და აქედან მხოლოდ 0.002 პროცენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ინფორმაციას The guardian ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 715 425 მოქალაქიდან, რომელთაც დაასრულეს აცრის პროცესი, ანუ ორკვირიანი ინტერვალით მიიღეს ვაქცინის ორივე დოზა, მხოლოდ 317 პირი, ანუ 0.04 პროცენტი დაინფიცირდა, ამათგან კი მხოლოდ 16-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, რაც 0.002 პროცენტია.

ისრაელის კერძო ჯანდაცვისა და სადაზღვევო ჯგუფის, Maccabi-ს მიერ გავრცელებული ცნობით, შედარებით მცირე კვლევის მონაცემების მიხედვითაც დასტურდება, რომ ვაქცინაციის შედეგად მნიშვნელოვნად იკლებს ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი.

Maccabi-ის კვლევის მიხედვით, 163 000 პირთაგან, რომელთაც მიიღეს ვაქცინის ორივე დოზა, მხოლოდ 31 დაინფიცირდა, განსხვავებით ე.წ. “კონტროლის ჯგუფისგან”, სადაც ინფიცირების თითქმის 6500 შემთხვევა დაფიქსირდა. კონტროლის ჯგუფში შემავალ პირები არ ყოფილან აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინა 92%-ით ეფექტიანია, რაც ახლოსაა Pfizer-ის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ მონაცემთან, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 95% იყო. “ეს არის ძალიან, ძალიან კარგი სიახლე”, – განაცხადა მაკაბის ვიცე-პრეზიდენტმა ანათ ეკა ზოჰარმა.

ისრაელის ვაქცინაციის კამპანიის შედეგად, ყოველ მესამე მოქალაქეს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლების 70% უკვე აცრილია კორონავირუსის წინააღმდეგ. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 200 000 ადამიანი იღებს ვაქცინას. გასულ კვირას დაიწყო 35 წელს ზემოთ მყოფი ასაკის პირების ვაქცინაცია, ასევე, 16-18 წლის სკოლის მოსწავლეების, რომლებიც საუნივერსიტეტო, მისაღებ გამოცდებზე დარეგისტრირებას შეძლებენ. ქვეყანაში ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით მიმდინარეობს.

ქვეყანა ამჟამად კორონავირუსის მესამე ტალღის წინააღმდეგ ახალი ე.წ. ლოქდაუნით ცდილობს გამკლავებას. მთავრობის განცხადებით, ვირუსის კიდევ ერთხელ გავრცელება ახალ, ბრიტანული შტამს უკავშირდება. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ებრაული ულტრაორთოდოქსული ჯგუფი, რომელთაც ხასიდების სახელითაც მოიხსენიებენ, რომელთა დიდ უმრავლესობას არ სწამს პანდემიის არსებობის და არ ემორჩილებიან ქვეყნის მთავრობის მიერ შემოღებულ რეგულაციებს, რაც მთავრობის მტკიცებით, ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

გუშინ, 31 იანვარს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აკრძალვები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, “გახანგრძლივდება სულ მცირე ხუთი დღით”. ისრაელში შეზღუდულია “არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” ბიზნესის მუშაობა, დაკეტილია სკოლები და აკრძალვა მოქმედებს თითქმის ყველა საჰაერო რეისზე, რომელიც ქვეყანაში შედის ან გამოდის. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯანმრთელობის ან იურიდიული პროცედურებისთვის დაგეგმილი ფრენები.


ისრაელში ამ დრომდე გამოვლენილია კორონავირუსის 650 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 4800-მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი