ახალი ამბები

ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, დაშავდა 10 წლის ბავშვი

30 იანვარი, 2021 • 1133
ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, დაშავდა 10 წლის ბავშვი

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნანგრევებში 10 წლის გოგო მოჰყვა, თუმცა ამ დროისთვის მაშველებმა ის უკვე გამოიყვანეს ნანგრევებიდან. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, არასრუწლოვანი მაშველებმა “უმოკლეს დროში გაათავისფლეს” და გოგო “კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა”. ამ დროისთვის ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება.

ადგილობრივი მედიის, Livepress.ge-ის ცნობით, ზუგდიდის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გამოცემას განუცხადა, რომ გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მას გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.

ამასთან, Livepress.ge-ის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ. როგორც გამოცემასთან ერთ-ერთმა დევნილმა, მედეა გერგედავამ განაცხადა შენობას ავარიულობის სტატუსი 2014 წელს ჰქონდა მინიჭებული.

გამოცემის ინფორმაციით, ზუგდიდის მერი, გიგა ფარულა ამბობს, რომ აღნიშნულ შენობაში 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ახალი საცხოვრებლით იყვნენ დაკმაყოფილებულები. 10 წლის მოზარდის ოჯახი კი “სოფლად სახლის” პროგრამაში იყო ჩართული, რომლის ფარგლებშიც ისინი ახალი საცხოვრებლით რამდენიმე დღეში უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, ოჯახის ახალი საცხოვრებელი სახლით დასაკმაყოფილებად საჭიროა სამართლებრივი პროცედურის გავლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდა და რომლის შემდეგაც ისინი საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი