თბილისის მერმა, კახა კალაძემ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას უბედური შემთხვევა უწოდა.

მისი თქმით, კორპუსის მოსახლეობას შესთავაზეს ქირით გადასვლა შენობის დემონტაჟისა და მისი ჩანაცვლების პერიოდში, თუმცა კორპუსის ყველა მოსახლე არ იყო ამაზე თანახმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობის შესახებ მერიაში იცოდნენ და ეს შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

“სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა და ერთ ადამიანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. შევთავაზეთ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. ამას, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი თქვეს.

ავარიული შენობა-ნაგებობები საკმაოდ ბევრია მუნიციპალიტეტში. პროგრამა, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ, ამ ადამიანებს სთავაზობს კორპუსის ჩანაცვლებამდე ქირით გადასვლას”, – თქვა კალაძემ მედიასთან.

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ბრიგადები.

მომხდართან დაკავშირებით შსს წერს, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები.

შსს-მ ადგილზე მყოფებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სამინისტროს თანამშრომლების მითითებები და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა