ახალი ამბები

მესმის, რომ ეს პროტესტი არ არის პოლიტიკური — თურნავა რესტორნების ბოიკოტზე

29 იანვარი, 2021 • 719
მესმის, რომ ეს პროტესტი არ არის პოლიტიკური — თურნავა რესტორნების ბოიკოტზე

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი, თუმცა ნორმალურ ცხოვრებას ქვეყანა მალევე ვერ დაუბრუნდება. ასე გამოეხმაურა ის რესტორნების ბოიკოტს.

ათობით რესტორანი აცხადებს, რომ 30 იანვარს პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტენ – ანუ ისინი ე.წ. დელივერიზე და პროდუქტის რესტორნიდან პროდუქტის გატანაზე უარს აცხადებენ. 15:00 საათზე კი მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს შეუერთდებიან.

„უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ როგორც კი გვეძლევა საშუალება ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს, ამა თუ იმ მიმართულებას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას, სამწუხაროდ. ეტაპობრიობა უნდა ახასიათებდეს ჩვენს ნაბიჯებს“, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, თებერვლიდან ქვეყანაში ნელ-ნელა დაგეგმილია მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების გახსნა. ასევე, საუბარია სკოლებისა და ტრანსპორტის გახსნაზე.

“არ მიწყენენ რესტორნები, თუ ვიტყვი, რომ არანაკლებ და უფრო მეტად პრიორიტეტულია ეს იმიტომ, რომ ადამიანთა უფრო მეტ რაოდენობას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ“, – ამბობს თურნავა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდიდან გაიხსნებიან რესტორნები ქვეყნის მასშტაბით და არამხოლოდ აჭარაში, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს:

„ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ჩვენ ავუხსენით, თუ რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღის დასახელებას. შეიძლება, ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ დღეს ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ, რაც მთავარია, მათ გაიგეს ჩვენი ლოგიკა, რომ ყოველკვირეულად ხდება გადახედვა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის. დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია, შესაბამისად,  უნდა დავაკვირდეთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

კიდევ მოთმინება გვმართებს და მე მესმის მათი პრობლემების, მესმის, რომ მათი პროტესტი არ არის პოლიტიზებული აქტი, არამედ მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტია – მე ამის დიდი იმედი და რწმენა მაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი მოგვცემს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას, გავხსნათ, მათ შორის, ღია სივრცეების რესტორნებშიც“, – აცხადებს ნათია თურნავა.

ბოიკოტი: 30 იანვარს თბილისში რესტორნები ონლაინ მუშაობასაც წყვეტენ

მასალების გადაბეჭდვის წესი