ახალი ამბები

ვინ და რა პირობით შეძლებს აგროდიზელის იაფად შეძენას — ინფორმაცია ფერმერებისთვის

29 იანვარი, 2021 • 1067
ვინ და რა პირობით შეძლებს აგროდიზელის იაფად შეძენას — ინფორმაცია ფერმერებისთვის

პირველ თებერვალს იწყება რეგისტრაცია პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ფერმერები აგროდიზელს კვლავ შეღავათიან ფასად მიიღებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი მემორანდუმი უწყებასა და   „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმდა.

აღნიშნული პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. სამინისტროს თანახმად, 2020-ში 125 000-მა ფერმერმა 7 მილიონ ლარზე მეტის შეღავათი მიიღო.

“გვაქვს სიახლეც, რაც ელექტრონულ პლატფორმას გულისხმობს. ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ”, – აღნიშნავს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

პროგრამით ისარგებლებენ ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული აქვთ არანაკლებ 0.25 ჰა  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვრისა; ასევე, ის პირები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას განახორციელებენ.

“პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე- არაუმეტეს 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით”, – აღნიშნავს უწყება.

ფასდაკლების ბარათები გაიცემა ვებგვერდის my.mepa.gov.ge მეშვეობით, ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში. ბარათები 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად გააქტიურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი