ახალი ამბები

Novavax-ის ვაქცინამ ბრიტანულ კვლევაში 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

29 იანვარი, 2021 • 769
Novavax-ის ვაქცინამ ბრიტანულ კვლევაში 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

კორონავირუსის ახალი ვაქცინა, რომელიც Novavax-მა დაამზადა, ფართომასშტაბიან ბრიტანულ კვლევაში 89.3%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.

როგორც BBC წერს, ვაქცინამ სამსაფეხურიანი ტესტირება გაიარა და კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში COVID-19-ის პრევენციის მხრივ 89.3%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა. აღნიშნულ კვლევაში 18-დან 85 წლამდე 15 000 ადამიანი იყო ჩართული, რომელთა 27% 65 წელზე მეტის იყო.

რაც შეეხება ვირუსის ახალ შტამებს, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ტესტირებისას, სადაც შემთხვევების უმეტესობა სწორედ ვირუსის ახალი ვარიაციით არის გამოწვეული, ვაქცინის ეფექტიანობამ 60% შეადგინა.

კომპანიაში შედეგებს შთამბეჭდავს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინის მასობრივ წარმოებას, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში დაიწყებენ, რადგანაც მარეგულირებლისგან დამტკიცებას ამ პერიოდში ელოდებიან.

ახლა ექსპერტების წუხილს მხოლოდ იწვევს სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებელი და ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობაზე დამატებით კვლევებს ელოდებიან.

ვაქცინის 60 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს დიდ ბრიტანეთს და დამტკიცების შემთხვევაში, ეს უკვე მე-4 ვაქცინა იქნება, რომელსაც დიდ ბრიტანეთში გამოიყენებენ.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, რომელიც ვაქცინების თემაზეა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ Novavax-ის ვაქცინის ტესტირებაში თავად იყო ჩართული და ასეთი პოზიტიური შედეგებით აღელვებულია და მასში ჩართულ სხვა მოხალისეებს მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი